საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია ნიდერლანდების სამეფოს ეწვია

2014-03-25

1

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია 22 მარტს ნიდერლანდების სამეფოს ეწვია. საქართველოს მთავრობის მეთაური ჰააგაში სიტყვით გამოვიდა ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე და მონაწილეობა მიიღო დისკუსიებში.
ბირთვული უსაფრთხოების მესამე სამიტზე, რომელიც ჰააგაში 23-25 მარტს გაიმართა, მიწვეული იყვნენ 53 სახელმწიფოს პირველი პირები და მთავრობის მეთაურები, ასევე ოთხი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ბირთვული უსაფრთხოების სამიტს 5 ათასზე მეტი დელეგატი ჰყავდა, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, ასევე ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპუი და ევროკომისიის პრეზიდენტი მანუელ ბაროზო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბირთვული უსაფრთხოების სამიტის გახსნაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაქ ობამას შეხვდა.
სამიტის ფარგლებში, პრემიერმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან, ევროპის პარლამენტის წევრებთან, «Liberal international"-ის პრეზიდენტ ჰანს ვან ბაალენთან, ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტ მიშელ ტემერთან, ესპანეთის პრემიერ-მინისტრ მარიანო რასოისთან, შვეიცარიის პრეზიდენტ დიდიერ ბულხალტერთან, დანიის პრემიერ-მინისტრ ჰელე ტორნინგ-შმიდტთან, კანადის პრემიერ-მინისტრ შტეფან ჰარპერთან, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ ერნა სოლბერგთან. ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა ევროსაბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუისთან.
საქართველოს მთავრობის მეთაური ნიდერლანდების მეფის, უილემ ალექსანდერის მიერ გამართულ მიღებასა და სამუშაო სადილსაც დაესწრო.
2ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე საქართველოს 6-კაციანი დელეგაცია იმყოფებოდა, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე.
ბირთვული უსაფრთხოების გლობალური ფორუმის იდეა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ეკუთვნის. პირველი სამიტი 2010 წლის 12-13 აპრილს - ვაშინგტონში, მეორე კი 2012 წელს, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გაიმართა.