საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2014 წლის სხდომები

2014 წლის 13 თებერვლის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2014-02-13

2014 წლის 13 თებერვალს მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე დღის წესრიგით დღეს 27 საკითხი განიხილეს, გადაიდო 2 საკითხის (მე-15 და მე-16) განხილვა, დაემატა 3 საკითხი, დამტკიცდა 28 საკითხი. დღის წესრიგი.

მთავრობის სხდომის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვითაც საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებით მოხდება მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სწავლის დაფინასნება. პროგრამით გათვალისწინებული თანხიდან 2 მილიონი ლარი დადგენილი წესით გადანაწილდება მაგისტრატურის სხვადასხვა პროგრამებზე, 205 ათასი ლარი კი განსაზღვრულია სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა სამაგისტრო გრანტებით დაფინანსებისთვის, ხოლო 45 ათასი ლარი იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაფინანსებლად, რომლებიც საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებით ჩაირიცხებიან საქართველოს უმაღლეს საგანამნათლებლო დაწესებულებებში. კანონპროექტის მიზანია კონკურსის საფუძველზე, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა დაფინანსება. ამასთან, გაგრძელდება დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების მიღების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

ამას გარდა, მთავრობის კაბინეტმა დაამტკიცა საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ." კანონპროექტის მიზანია, პირადი ცხოვრების პატივისცემის უზრუნველყოფა და ამ უფლებაში თვითნებური ჩარევის პრევენცია. კანონპროექტის ერთ-ერთ უმთავრეს ნოვაციას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთათვის სანქციების გამკაცრება წარმოადგენს. მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს 157-ე მუხლის დისპოზიციაში „პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის" და „პერსონალური მონაცემების" გათვალისწინება. აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილების შემუშავებისას გაზიარებული იქნა საერთაშორისო გამოცდილება. 157-ე მუხლის შემოთავაზებული ფორმულირება ხსენებული მუხლის არეალს აფართოებს და შესაძლებლობას იძლევა, პასუხისმგებლობის მიღმა არ დარჩეს პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფასთან დაკავშირებული სხვა ქმედებებიც, რომლებსაც არ მოიცავს მუხლის მოქმედი რედაქცია.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური