საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2014 წლის სხდომები

2014 წლის 6 მარტის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2014-03-06

2014 წლის 6 მარტს მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე დღის წესრიგით დღეს 40 საკითხი განიხილეს, დაემატა 3 საკითხი, დამტკიცდა 43 საკითხი. დღის წესრიგი.

საქართველოს მთავრობამ სოფლების ელექტრიფიცირების გეგმა დაამტკიცა. განკარგულების პროექტი, რომელიც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ წარადგინა, მინისტრთა კაბინეტმა მოიწონა. ელექტრიფიკაციის მორიგი ეტაპის ფარგლებში გურჯაანის რაიონის სოფელ ჭერემის, დუშეთის რაიონის სოფელ კაწალხევის, დმანისის რაიონის სოფელ სოგოუთლოს, კასპის რაიონის სოფელ ცხავერისა და ქარელის რაიონის სოფელ ოქროსოფელის ელექტრიფიცირება განხორციელდება. ამ მიზნით მთავრობა 842 158 ლარს გამოყოფს. აღნიშნულ სოფლებს ელექტროენერგია 20 წლის განმავლობაში არ მიეწოდებოდა. მთავრობის გეგმის თანახმად, 2014 წლის განმავლობაში ყველა სოფლის ელექტრიფიცირება დასრულდება.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე ცვლილებები შეიტანა „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ" 2013 წლის 11 ნოემბრის №1552 განკარგულებაში, რის შედეგადაც, განხორციელდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფლებთან ქვემო წყლულეთი და ზემო წყლულეთი მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლისა და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად საჭირო მომსახურების შესყიდვა; თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შიდა გზებისა და საავტომობილო ხიდების რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვა; თბილისში მიუსაფარი პირების თავშესაფარის მოწყობისათვის საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვა; ქალაქ ბათუმში, დევნილთა დასახლებაში 22 საცხოვრებელი კორპუსის საძირკველების დამატებითი საჰიდროიზოლაციო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა; ქალაქ წყალტუბოს ინფრასტრუქტურული, საზოგადოებრივი და კულტურული დანიშნულების ობიექტების (რკინიგზის სადგური, თეატრი, გამგეობის შენობა, საფეხმავლო ხიდები) სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებისათვის საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვა; ბ) ქალაქ წყალტუბოს პარკის წრიული გზის კონცეპტუალური პროექტის კორექტირებისა და სამუშაო ნახაზების მომზადებისათვის საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვა; გ) ქალაქ ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებისათვის საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვა) ; წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ფახულანის თემის ცენტრიდან სოფელ საბერიოს საზღვრამდე არსებული საავტომობილო გზის რეაბილიტაციის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლისა და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად საჭირო მომსახურების შესყიდვა; ახმეტის მუნიციპალიტეტში ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის უსაფრთხოების ღონისძიებების ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლისა და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად საჭირო მომსახურების შესყიდვა; ქალაქ თბილისში „112" ზარების მიმღები ალტერნატიული ცენტრის მშენებლობისთვის განკუთვნილ ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარში საავტომობილო სახიდე გადასასვლელის მოსაწყობად სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური