საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2014 წლის სხდომები

2014 წლის 23 აპრილის მთავრობის სხდომა

2014-04-23

საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 24 საკითხი განიხილა, დაემატა 1 საკითხი, დამატებითი შესწავლის მიზნით გადაიდო 6 საკითხი, დამტკიცდა 19 საკითხი. დღის წესრიგი
ჯანდაცვის სამინისტრომ სხდომაზე „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ" დადგენილებაში ცვლილებების პროექტი წარადგინა, რომლის თანახმად, ომში ან ომის შემდგომ პერიოდში ომის მონაწილის გარდაცვალების გამო მისი ოჯახის წევრებს სოციალური პაკეტი აუნაზღაურდებათ.
მთავრობამ მოიწონა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა, რომლის მიხედვით ცვლილება შევა „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" კანონში. მოქმედი კანონი არ ადგენს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთათვის კომპენსაციის სახით მისაკუთვნებელი თანხის მინიმალურ/მაქსიმალურ ოდენობას.
ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" კანონში ცვილილების პროექტი წარადგინა. ცვლილების თანახმად, შემოსავლების სამსახურს, რომელიც აქამდე მხოლოდ კონტროლს ახორციელებდა, ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის წესებით დადგენილი სანებართვო მოწმობების და მათი თანმხლები დოკუმენტების წარდგენის უფლება ეძლევა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური