საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2014 წლის სხდომები

2014 წლის 6 ივნისის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს მთავრობის  ადმინისტრაციაში დღეს მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 42 საკითხი განიხილა, დაემატა 8 საკითხი, დამტკიცდა 50 საკითხი. დღის წესრიგი
მთავრობის სხდომაზე მინისტრებმა დღეს სამოქალაქო სოლიდარობის ფონდის შექმნის პროექტი განიხილეს. პროექტის კონცეფცია მთავრობის ადმინისტრაციამ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ერთობლივად მოამზადა.
მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც 45 დღის ვადაში წარმოადგენს ფონდის მუშაობის სამოქმედო გეგმას და განსაზღვრავს ფონდის ფუნქციონირების გამჭვირვალე და მოქნილ სისტემას. სოლიდარობის ფონდი საჯარო და კერძო სექტორიდან ფინანსური რესურსების მობილიზებასა პრიორიტეტულ სოციალურ საჭიროებებზე მიმართვას მოემსახურება. ფონდში დონაციების შეტანა ნებაყოფლობითი იქნება როგორც საჯარო თუ კერძო სექტორში დასაქმებული ინდივიდუალური მოქალაქეებისათვის, ასევე კერძო კომპანიებისათვის. სოლიდარობის ფონდი პირველ ეტაპზე ორიენტირებული იქნება მოქალაქეთა ისეთი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე, რომლთა სრულად უზრუნველყოფა დღეისთვის სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფო ბიუჯეტის პირობებშიც შეუძლებელია. სოლიდარობის ფონდის საქმიანობის ზედამხედველობას სამეთვალყურეო საბჭო განახორციელებს, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.
მთავრობამ დღეს განიხილა და მხარი დაუჭირა 550 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში სიმბოლურ - ერთ ლარად გადაცემის საკითხს, რაც მიმდინარე წელს, დევნილებისთვის ბინების გადაცემის მეორე ეტაპი იქნება. ბინები დევნილებს, საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გადაეცათ.
დღესვე მთავრობის სხდომაზე ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია "საქართველო 2020" დამტკიცდა. , სტრატეგია სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს, რაც გულისხმობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას, ადამიანური კაპიტალის მობილიზებას და ფინანსებზე ხელმისაწვდომობას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

იხილეთ ვიდეო