საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2014 წლის სხდომები

2014 წლის 7 აგვისტოს მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2014-08-07

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 34 საკითხი განიხილეს. დაემატა - 1 საკითხი, დამტკიცდა - 35 საკითხი. დღის წესრიგი 


მთავრობის სხდომის გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა ,,ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში. ცვლილებების თანახმად, მოხდება სერთიფიცირების ახალი წესის დადგენა. შეიცვლება ძველი წესი, რომლის მიხედვთაც 2015 წლიდან სერთიფიკატის არმქონე მასწავლებლებს აღარ შეეძლოთ სწავლება. ახალი წესით ეტაპობრივად ხდება მასწავლებელთა შესვლა კარიერაში, მათი ეტაპობრივი ზრდა, შესაბამისი მოტივაციის შექმნა და წარმატების აღიარება _ პროფესიული ზრდა უკავშირდება კარიერულ ზრდას და ანაზღაურების მატებას.
მთავრობის კაბინეტის წევრებმა ასევე დაამტკიცეს ,,საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. 2009 წელს, წინა მთავრობის მიერ დაწყებული ჯანმრთელობის სხვა სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის ვადა ამოიწურა და არსებული კონტიგენტიც გახდა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ბენეფიციარი. რაკი ამჟამად გარდამავალი პერიოდია, ძველი სადაზღვევო ხარჯებს აღარ ფარავს, ხოლო ახალი მზღვეველი შერჩეული არაა, გარდამავალ პერიოდში სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს პროცესების მენეჯმენტს. ბენეფიციარების ხარჯებს სოციალური მომსახურების სააგენტო დაფარავს.
აღნიშნული ცვლილებებით, სხვა საადაზღვევო პროგრამების ბენეფიციარებიც შეურთდებიან ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამას. სახელმწიფო მოქნილ სისტემას სთავაზობს მოქალაქეებს, რათა გარდამავალ ეტაპზე მათ პრობლემები არ შეექმნათ. გაუმჯობესდება პროგრამის ადმინისტრირება. პაკეტები ისევ მორგებული იქნება სპეციფიური სამიზნე ჯგუფებისთვის არსებულ საჭიროებებზე.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური