საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2014 წლის სხდომები

2014 წლის 23 ოქტომბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2014-10-23

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 31 საკითხი, დაემატა - 11 საკითხი, გადაიდო 2 საკითხი, დამტკიცდა 40 საკითხი.
მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე."
კანონპროექტის მიზანია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ, გარდამავალ ეტაპზე, კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციების გამარტივების გზით, საქართველოში მყოფი უცხოელებისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად შეღავათიანი პირობების დადგენა; საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფი უცხოელისათვის საიმიგრაციო ვიზის მიღების შესაძლებლობის მინიჭება შესაბამის ქვეყანაში დაბრუნების გარეშე; უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირთა საქართველოში გრძელვადიანი ყოფნის სამართლებრივი საფუძვლის შექმნა; ტრანზიტული ვიზის გაიცემის პირობების გამარტივება, აგრეთვე საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის მონაწილე პირების მიმართ ტრანზიტული ვიზის მისაღებად შეღავათიანი პირობების დადგენა.
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი მოცემულობით გამოწვეული შედეგებით. გარდამავალ ეტაპზე, სახეზეა კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციების გამარტივების გზით საქართველოში მყოფი უცხოელებისათვის საქართველოში ბინადრობის უფლების მოპოვების შეღავათიანი პირობების დადგენის მიზანშეწონილობა. ამასთან, არსებობს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირებისათვის საქართველოში გრძელვადიანი ყოფნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრის, აგრეთვე საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის მონაწილისათვის შეღავათიანი პირობების დადგენის საჭიროებაც. გარდა აღნიშნულისა, ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ შექმნილ ვითარებაზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა საქართველოში მყოფი უცხოელებისათვის საიმიგრაციო ვიზის მიღების შესაძლებლობის მინიჭების მიზანშეწონილობა საკუთრივ საქართველოს ტერიტორიაზე, ამ კატეგორიის პირთა შესაბამის ქვეყანაში დაბრუნების გარეშე.
მთავრობის სხდომის გადაწყვეტილებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტს ბიუჯეტში შექმნილი პრობლემის აღმოსაფხვრელად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 300 000 ლარი გამოეყო.
"წელს სიღნაღის რაიონში გვალვა იყო, რის გამოც მოსახლეობამ მოსავლის დიდი ნაწილი ვეღარ აიღო. საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურებულია, ფიზიკური პირები აღარ გადაიხდიან მიწის გადასახადს და შესაბამისად, სიღნაღის რაიონის ბიუჯეტს გაუჩნდა პრობლემა, რადგან ეს მისი შემოსავლის წყარო იყო. ჩვენ 300 000 ლარი გამოვყავით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, რათა სიღნაღის მუნიციპალიტეტმა გააგრძელოს საქმიანობა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური