2014 წლის 2 დეკემბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2014-12-02

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, 2 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 32 საკითხი განიხილეს, დაემატა 7 საკითხი, გადაიდო 2 საკითხი, დამტკიცდა 37 საკითხი.

მთავრობის სხდომის გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" დებულების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში. პროექტის მიზანია, კონტრაქტის დამრღვევი დაახლოებით 900 სამხედრო მოსამსახურის ფინანსური პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, თუ ფინანსური პასუხისმგებლობა წარმოქმნილია 2014 წლის 23 ნოემბრამდე (ნაცვლად 2012 წლის 1 იანვრისა) და არ არის გადახდილი. საქართველოს დღევანდელი სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია საქართველოს მოქალაქეების და მათი ოჯახების კეთილდღეობის უზრუნველყოფისაკენ, სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომების ჩამოყალიბებისაკენ. აღსანიშნავია, რომ სამხედო მოსამსახურეებთან გაფორმებული კონტრაქტები ითვალისწინებენ განსხვავებული ოდენობის შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში, ასევე არსებობს კონტრაქტი, რომლის დარღვევაც პირგასამტეხლოს არ ითვალისწინებს.

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ასევე დამტკიცდა საქართველოს მთავრობის დადგენილება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ." დადგენილების პროექტის მიღების შემდეგ, შესრულდება კოდექსით დადგენილი ვალდებულება. წესის შემუშვება გაპირობებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 115-ე მუხლით გათვალისწინებული კომპეტენციით. წესში განსაზღვრულია, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია დაადგინოს დამატებითი წესები მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემასთან დაკავშირებით. წესი მოიცავს მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის საკუთრებაში გადაცემას; მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური, საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემას; მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის გადაცემას, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით" დადგენილი ფორმითა და წესით. ახალი წესი საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტებს, დაარეგულირონ ის საკითხები, რომელიც მათი ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის პროცესს უფრო ეფექტიანს და მოქნილს გახდის.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური