საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2014 წლის სხდომები

2014 წლის 18 დეკემბრის მთავრობის სხდომა

2014-12-18

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, 18 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 39 საკითხი განიხილეს, დაემატა 13 საკითხი, დამტკიცდა 52 საკითხი.

მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა მთავრობის დადგენილების პროექტი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის) მიერ მსხვერპლის იდენტიფიცირებისა და სტატუსის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ." ოჯახში ძალადობის აღკვეთის საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ჯგუფის მუშაობა, რომელიც განსაზღვრავდა მსხვერპლის სტატუსს, 2014 წლის აპრილიდან შეჩერებული იყო. დადგენილება არეგულირებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლის განსაზღვრის არეალს. საუწყებათაშორისო საბჭო შეარჩევს თორმეტკაციან ჯგუფს გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე. ჯგუფის მოქმედების ვადა 3 წლით განისაზღვრება, ხოლო მსხვერპლის სტატუსის ვადა 18 თვით.

მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, ძალაშია მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ", რომლის თანახმად, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 646 დევნილ ოჯახს 1 ლარად გადაეცემა ბინები. გადაწყვეტილება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებშია მიღებული, რომელიც საცხოვრებელი სახლების 10 000 დევნილი ოჯახისთვის საკუთრებაში გადაცემას გულისხმობს.

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, დამტკიცდა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტები პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ახალი საწარმოების ამოქმედებას.
მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა დაავალა იუსტიციის მინისტრს, სისხლის სამართლის უწყებათაშორის საბჭოში გაიხსნას პროკურატურის რეფორმირების საკითხზე დისკუსია. საბჭოს პირველი სხდომა 26 დეკემბერს გაიმართება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური