საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2014 წლის სხდომები

2014 წლის 24 დეკემბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2014-12-24

2014 წლის 24 დეკემბრის მთავრობის სხდომა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, 24 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 34 საკითხი განიხილეს, დაემატა 24 საკითხი, დამტკიცდა 58 საკითხი. დღის წესრიგი

მთავრობის სხდომამ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ" საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს დაუჭირა მხარი, რაც ხაშურში პოლიმერული მასალების მწარმოებელი საწარმოს შექმნას ისახავს მიზნად.

მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, გარდაცვლილი სამხედროს ზაზა ბერიძის 6 სულიან ოჯახს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცემა 41 კვ.მ საცხოვრებელი სახლი.

მთავრობამ მოიწონა განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ". თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრს სარეზერვო ფონდიდან გადაეცემა 300 ათასი ლარი.

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ასევე დამტკიცდა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევის განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ". კვლევის შედეგებს გამოიყენებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დასაქმების ხელშეწყობის აქტიური პოლიტიკის შესაქმნელად/გასატარებლად, ბაზრის დინამიკის შესახებ ინფორმაციას კი გამოიყენებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, პროფესიული განათლების სისტემის რეფორმის პროცესში. შედეგად, დამსაქმებლებს ექნებათ უფრო ზუსტი ინფორმაცია ყველაზე მოთხოვნადი პროფესიებისა და რთულად მოსაძიებელი კადრების შესახებ. ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სწავლის გაგრძელებით, შეეძლებათ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება განათლების ტიპისა და სფეროს შესახებ.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური