საქართველოს მთავრობა – მედია პრემიერ-მინისტრის შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერვიუ Foreign Policy-სთან ამოსაბეჭდი ვერსია

ირაკლი ღარიბაშვილი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც მისი სამშობლო - საქართველო, გაღატაკებული საბჭოთა სატელიტი ქვეყანა, გონზე მოსვლას იწყებდა. ღარიბაშვილის სახლში არ იყო შუქი და გაზი, მას სანთლის შუქზე უწევდა მეცადინეობა. ახალგათავისუფლებული, დამოუკიდებელი ქვეყანა დაუსრულებელმა კორუფციამ და სამოქალაქო არეულობებმა მოიცვა, ეკონომიკა კი შეუქცევად ვარდნას განიცდიდა. ახალი საქართველო ძველს არაფრით ჯობდა.
ღარიბაშვილი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრია და 31 წლის ასაკში მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა არჩეული ხელმძღვანელია მსოფლიოში. როგორც ღარიბაშვილმა Foreign Policy-თან ინტერვიუში განაცხადა, მისი მთავრობის მთავარი ყურადღება ევროკავშირთან უფრო ახლო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების განვითარებისკენ არის მიმართული, და ამავე დროს იმისკენ, რომ მომზადდეს მყარი ფუნდამენტი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანებისათვის. მისი ქვეყანა ერთ დროს მტკიცედ იყო ორიენტირებული აღმოსავლეთზე, მოსკოველ მმართველებზე. ღარიბაშვილი გამოთქვამს იმედს, რომ მალე ქვეყანა ასევე მტკიცედ იქნება ორიენტირებული დასავლეთზე.
,,მე მართლაც მინდა ჩემი ქვეყნის გარდაქმნა რეალურ, თანამედროვე, დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოდ", - უთხრა მან FP-ს, და თან ფრთხილად არჩევდა სიტყვებს. ,,ეს ჩემი ოცნებაა".
ოცნების რეალიზება კი თბილისისგან უკიდურესად ფრთხილ მოქმედებას მოითხოვს რუსეთთან ურთიერთობებში. იმ ფონზე, როდესაც პროდასავლელი ლიდერები მეზობელ უკრაინაში იბრძვიან, რომ როგორმე თავი დააღწიონ რუსეთის მარწუხებს, საქართველოს წარმატება და ბრძოლა ერთგვარი გზამკვლევიც და ჭკუისსასწავლებელიც არის კიევისთვის.
როგორც ჩანს, რევოლუციონერებს, რომლებმაც ახლახან გააძევეს ხელისუფლებიდან უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი და დღეს კიევს აკონტროლებენ, მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ახალი ლიდერების არჩევა, რომლებიც შეუქცევადს გახდიან ქვეყნის დაახლოებას როგორც ევროკავშირთან, ისე შეერთებულ შტატებთან. ევროკავშირის მაღალჩინოსნები უკვე ეწვივნენ კიევს დიდი ფინანსური დახმარების პაკეტის პირობების განსახილველად. უკრაინის მთავრობაც აცხადებს, რომ მალე ის სესხის გამოყოფის თხოვნით შეერთებულ შტატებს მიმართავს.
ამ ნაბიჯებმა რუსეთი განარისხა. ღარიბაშვილმა კარგად იცის ის რისკები, რომლებიც მოსკოვის ზედმეტად გაღიზიანებას შეიძლება მოჰყვეს. საქართველოს წინა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში 2004 წელს მოვიდა ეგრეთ წოდებული „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, რომელმაც ძალაუფლება გამოსტაცა საქართველოს მაშინდელ ლიდერს შევარდნაძეს. შევარდნაძე ქვეყანას მართავდა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1991 წლიდან. სულ მალე საბჭოთა კავშირის დანგრევიდან, სააკაშვილმა ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება დაიწყო, რითაც რუსეთი განარისხა. 2008 წელს, საქართველოს არმიასა და თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ ძალებს შორის ლოკალური შეტაკებების შემდეგ, რუსეთი ქვეყანაში შეიჭრა აჯანყებულების მხარდასაჭერად და რეგიონიდან ქართული არმია გააძევა. მოსკოვსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყდა და მას შემდეგ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დე-ფაქტო რუსეთის კონტროლქვეშაა.
სააკაშვილი მთელი თავისი ბოლო საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ცდილობდა დაერწმუნებინა დასავლეთი, რომ დაკარგული პროვინციების დაბრუნებაში დახმარებოდა. ღარიბაშვილს, რომელიც პრემიერ-მინისტრი შარშან ნოემბერში გახდა, სრულიად სხვა სტრატეგია აქვს.
როგორც ღარიბაშვილმა FP-სთან ინტერვიუში განაცხადა, - მას იმედი აქვს, რომ მისი ქვეყნის მზარდი ინტეგრაცია ევროპაში ნელ-ნელა დაარწმუნებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მცხოვრებლებს, რომ საქართველოსთან ერთად ყოფნა მათ ინტერესებში იქნება. თბილისი აგვისტოში ე.წ. ,,ასოცირების შეთანხმების" ხელმოწერას გეგმავს, რაც საქართველოს ევროკავშირთან დააახლოებს, და ღარიბაშვილი ვარაუდობს, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას, ევროპასთან ვაჭრობის გაღრმავება კი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ ზრდას. მას სჯერა, რომ განდგომილი რეგიონების მცხოვრებლებს მოუნდებათ ამ სიკეთეებით სარგებლობა.
,,ისინი დაინახავენ განსხვავებას ცხოვრების სტანდარტებში", - თქვა ღარიბაშვილმა. ,,ისინი დაინახავენ, როგორ ცხოვრობენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, და როგორ ცხოვრობენ ქართველები".
მთელი ეს სტრატეგია დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტიანად შეძლებს ღარიბაშვილი საკუთარი ხედვის რეალიზებას, რაც იმას გულისხმობს, რომ საქართველო რეგიონალური ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრია. საქართველო საყოველთაოდ ცნობილია თავისი ღვინის ექსპორტით, მაგრამ როგორც ღარიბაშვილი ამბობს, მისი ქვეყანა ინვესტიციას აბანდებს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ სადენებში, რაც უზრუნველყოფს ელექტროენერგიის მიწოდებას თურქეთში. პრემიერი, რომელიც ბიზნესმენივით ლაპარაკობს (ის ბიზნესმენი იყო, ვიდრე პოლიტიკოსი გახდებოდა), ასევე ამაყობს იმით, რომ მისი ქვეყანა ინვესტორს სთავაზობს პოლიტიკურ სტაბილურობას, იაფ მუშახელს და ბიზნესზე ორიენტირებულ რეგულაციებს. ინტერვიუში მან თქვა, რომ მისი პროგნოზით 2014 წელს ქვეყნის ეკონომიკა მინიმუმ 5%-მდე გაიზრდება.
ღარიბაშვილს კარგად ესმის, რომ ახალი დაპირისპირება რუსეთთან მთელ ამ გეგმებს ჩაშლის და ძალიან აქტიურად მუშაობს ამ ორ ქვეყანას შორის გაფუჭებული კავშირების გაუმჯობესებაზე. ამ მიზნით მან სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებასთან ურთიერთობისა და მოსკოვთან ღია და პირდაპირი დიალოგისათვის.
წარსულთან შედარებით რუსეთის რიტორიკა საქართველოს მიმართ მნიშვნელოვნად შერბილებულია, მაგრამ ცხადია, რომ პუტინი არ არის მზად დაივიწყოს წარსული წყენა. ღარიბაშვილი ამბობს, რომ რუსეთის სამხედრო ძალები 30 მილის სიგრძის მავთულხლართებს აგებენ სამხრეთ ოსეთის საზღვრის გასწვრივ. სამუშაოები დეკემბერში შეწყდა, სოჭის ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე. სამშაბათს კი, ოლიმპიადის დახურვის ცერემონიის დასრულებისთანავე, სამუშაოები განახლდა. ,,სიგიჟეა, არა?" - იკითხა მან ინტერვიუს დროს.
ღარიბაშვილი პოსტსაბჭოთა ქვეყნის პირველი ლიდერია, რომელიც საბჭოთა ოკუპაციის პირობებში არ გაზრდილა, მაგრამ ის არ იქნება უკანასკნელი. უკრაინის ზოგიერთი მომავალი ლიდერიც შესაძლოა იყოს მისი ასაკის და ანალოგიური გამოცდილების მქონე. საქართველო ირანთან და ერაყთან უფრო ახლოსაა, ვიდრე პარიზთან ან ლონდონთან. მიუხედავად ამისა, თუკი ღარიბაშვილის ძალისხმევა წარმატებული იქნება, ქვეყანა ევროკავშირის ნაწილი გახდება. და ეს მიღწევა გვერდს არ აუვლის ახალგაზრდა ლიდერებს, რომლებიც ნელ-ნელა აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნების ხელისუფლებებში მოდიან. ,,ჩვენ გვინდა ვიყოთ მაგალითი",- თქვა ღარიბაშვილმა ინტერვუში, - ,,ჩვენ გვინდა გზა გავუკაფოთ სხვებს".


ორიგინალი: http://atfp.co/1hnU78c