საქართველოს მთავრობა – მედია პრემიერ-მინისტრის შესახებ

აშშ აფრთხილებს რუსეთს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ხოლო საქართველოს დასავლეთისაკენ უბიძგებს - Associated Press

აშშ აფრთხილებს რუსეთს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ხოლო საქართველოს დასავლეთისაკენ უბიძგებს
მეთიუ ლი

2014-02-26

ოთხშაბათს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთი გააფრთხილა, რომ უკრაინაში სამხედრო ინტერვენცია დაუშვებელია და შეახსენა, რომ ის ვალდებულია ჯარი გაიყვანოს კიდევ ერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის - საქართველოს სეპარატისტული რეგიონებიდან. აშშ ასევე მოუწოდებს საქართველოს, დააჩქაროს ევროპასა და ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი რუსეთსა და დასავლეთს შორის ბოლო დროს გამწვავებული ურთიერთობის ფონზე, რაც უკრაინის პრორუსული ორიენტაციის მქონე პრეზიდენტის გადაყენებას მოჰყვა.

ამ თემაზე მიზანმიმართული კომენტარების გაკეთებისას, რაც სავარაუდოდ კიდევ უფრო გაამყარებს რუსეთის ეჭვებს მის სამეზობლოში დასავლეთის განზრახვის შესახებ, სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ აღნიშნა, რომ რუსეთი ძალიან „ფრთხილად" უნდა მოიქცეს უკრაინასთან მიმართებით. ამასთანავე მან ახსენა, რომ ამერიკა დაეხმარება „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ხედვის განხორციელებაში", თუმცა არ დაუზუსტებია, - როგორ. მან ასევე დაგმო რუსეთის სამხედრო ძალების არსებობის ფაქტი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და აღნიშნა, რომ ეს არის იმ შეთანხმების დარღვევა, რომელმაც დაასრულა ქართულ-რუსული კონფლიქტი 2008 წელს.

სახელმწიფო მდივანმა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის შეხვედრისას აღნიშნა, რომ აშშ-ის პოლიტიკის მიზანი უკრაინის, საქართველოსა და სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან მიმართებით ამ ქვეყნებზე რუსეთის გავლენის შემცირება არ არის. მან განმარტა, რომ აშშ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს დასავლეთში ინტეგრირებისკენ მოუწოდებს, რადგან ამერიკას სურს იხილოს ეკონომიკურად ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფოები.
„ამგვარი იძულება არ წარმოადგენს მხოლოდ ერთი მხარის მოსაგებ თამაშს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ან - ჩვენსა და რომელიმე სხვა მხარეს შორის, - აღნიშნა ჯონ კერიმ - ჩვენ მხოლოდ გვსურს, რომ ადამიანებმა ისარგებლონ არჩევანის თავისუფლებით და მაქსიმალურად გამოიყენონ ეკონომიკური შესაძლებლობები. ეს არ ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ სხვებთან ურთიერთობა".
მოგვიანებით, MSNBC-თვის მიცემულ ინტერვიუში ჯონ კერიმ გაიმეორა საკუთარი მოსაზრებები, მაგრამ უფრო შორს წავიდა უკრაინაში არსებული სიტუაციის შეფასებისას.
„ვთვლი, რომ რუსეთმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს შემდეგი ნაბიჯების დაგეგმვისას, - აღნიშნა მან - ჩვენ არ გვსურს დაპირისპირება, მაგრამ ჩვენი ცალსახა პოზიციაა, რომ ყველა ქვეყანა პატივს უნდა სცემდეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რუსეთში თქვეს, რომ ასეც მოიქცევიან და ჩვენ ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია, რუსეთმა შეასრულოს დანაპირები".
„ჩვენ არ უნდა ჩავებათ ცივი ომის ტიპის კონფრონტაციაში. ჩვენ გვჭირდება ერთობლივი ძალისხმევა იმის მისაღწევად, რომ მოგებული არ დარჩეს მხოლოდ ერთი მხარე და უკრაინელ ხალხს შესაძლებლობა ჰქონდეს, თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი".
სახელმწიფო მდივანმა საკუთარი მოსაზრებები ამ საკითხებთან დაკავშირებით მას შემდეგ გამოთქვა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დასავლეთ რუსეთში, მათ შორის, უკრაინის საზღვრის სიახლოვეს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების ჩატარების ბრძანება გასცა. რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თავდაცვის სამინისტრო კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე შავი ზღვის ფლოტის მობილიზებისათვის, სადაც დაპირისპირება მოხდა პრორუსულ და ანტირუსულ ძალებს შორის. პროტესტის პრორუსულად განწყობილი მონაწილეები ყირიმის გამოყოფის შესაძლებლობაზე ალაპარაკდნენ და რუსეთის კანონმდებლის განცხადებამ იმის შესახებ, რომ რუსეთი მათ დაიცავდა, მდგომარეობის გამწვავებას შეუწყო ხელი.
ამ ნაბიჯების შედეგად გაჩნდა იმის შიში, რომ შესაძლოა რუსეთმა სამხედრო ინტერვენცია განახორციელოს. 2008 წელს საქართველოში რუსეთმა უკვე გამოიყენა ძალა, რაც დაგმეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა.
კერიმ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გვერდით იჯდა, განაცხადა, რომ „შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ ერთიანობას".
„ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციას რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის, მილიტარიზაციისა და საზღვრების გავლებასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები, რომლებიც ითვალისწინებს სამხედრო ძალების გამოყვანასა და ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობას", - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.
მან განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროატლანტიკურ ალიანსში, რასაც რუსეთი ეწინააღმდეგება. აშშ-ს ასევე სურს, რომ მიმდინარე წლის ბოლოს საქართველომ ხელი მოაწეროს პარტნიორობის ხელშეკრულებას ევროპის კავშირთან. უკრაინასა და ევროკავშირს შორის გაფორმებული მსგავსი ხელშეკრულება გახდა კიევში მომხდარი არეულობისა და გასულ კვირას პრორუსული იანუკოვიჩის მთავრობის გადაყენების ერთ-ერთი მიზეზი. ზოგიერთი რუსი მაღალჩინოსანი დასავლეთს ადანაშაულებს იანუკოვიჩის თანამდებობიდან გადაყენების მხარდაჭერაში. აშშ-ისა და ევროdპის ქვეყნების ოფიციალურმა პირებმა ერთმნიშვნელოვნად უარყვეს ეს ბრალდებები.
კერიმ აღნიშნა, რომ უკრაინელმა ხალხმა „კლეპტოკრატიის" წინააღმდეგ გაილაშქრა, და რომ მას ეჭვი ჰქონდა, რომ რუსეთში ზოგიერთები მას აქეზებდნენ, მკაცრად მოქცეოდა თავის ოპონენტებს.
„ვფიქრობ, რომ რუსეთი გარკვეულწილად არ იყო დაკავშირებული იმასთან, რაც ხდებოდა ადგილზე, - თქვა მან - ვფიქრობ, კონკრეტულმა ადამიანებმა იანუკოვიჩი წააქეზეს, რათა მკაცრი მიდგომა აერჩია".


ორიგინალი:
http://bigstory.ap.org/article/us-urges-georgia-align-eu-nato