საქართველოს მთავრობა – მედია პრემიერ-მინისტრის შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ნატოს წევრობას უმიზნებს, ხოლო რუსეთს ახლოს არ უშვებს - Washington Times

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ნატოს წევრობას უმიზნებს, ხოლო რუსეთს ახლოს არ უშვებს

2014-02-26
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი განაგრძოს თავისი ქვეყნის დაახლოება დასავლეთთან, ევროკავშირთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებით, და ამავე დროს გახდეს ევროატლანტიკური კავშირის წევრი, მაგრამ ის შეშფოთებულია რუსეთის წნეხის გამო, რომელიც ცდილობს კვლავ მოაქციოს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები თავისი გავლენის სფეროში.
„ჩვენ გვაქვს მტკიცე პოზიცია ჩვენს ევროპულ არჩევანში",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ,,ვაშინგტონ ტაიმსთან" ინტერვიუში სამშაბათს.
„ვაშინგტონი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს დასავლურ არჩევანს, რუსეთი კი ახდენს თავისი ძალის დემონსტრირებას ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან. პრეზიდენტმა ობამამ და ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა პრემიერთან შეხვედრისას გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა ევროატლანტიკურ კავშირში გაწევრიანებასთან მიმართებით",- განაცხადა თეთრმა სახლმა.
ოთხშაბათს, სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ გამოხატა პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, რათა წელსვე მოეწეროს ხელი ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების ასოცირების ხელშეკრულებას.
თუმცა, როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა არ არის ნულოვანი ჯამის თამაში დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, თუნდაც ამერიკასა და ნებისმიერ სხვა მხარეს შორის.
საქართველო, უკრაინისა და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მსგავსად, ჩათრეული აღმოჩნდნენ დასავლეთსა და რუსეთს შორის ბრძოლაში.
უკრაინაში, ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწყვეტილებამ, თავი აერიდებინა ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობის ხელშეკრულების ხელმოწერისათვის რუსეთიდან მიღებული 15 მილიარდის სანაცვლოდ, ქვეყანა მიიყვანა არეულობებამდე და სისხლისღვრამდე.
„მე ვიმედოვნებ, რომ ისინი დაუბრუნდებიან ევროპულ არჩევანს," - განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა უკრაინის შესახებ.
მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გარდაქმნას საქართველო „ჭეშმარიტ დემოკრატიულ, დასავლური ტიპის სახელმწიფოდ" და ამბობს, რომ გამოკითხვები ცხადყოფს, რომ საქართველოს მოსახლეობის 85% მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.
ბატონი ღარიბაშვილი თვლის, რომ კარგი ურთიერთობები დასავლეთსა და რუსეთს შორის არ გამორიცხავს ერთმანეთს.
მისი ხელისუფლება ეძებს გზებს მოსკოვთან 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად გაწყვეტილი ურთიერთობების დასალაგებლად.
„ეს საქართველოს არჩევანია.... ჩვენ გვჯერა, არასოდეს გადავუხვევთ ამ გზას", - განაცხადა მან.
უკრაინაში პოლიტიკურმა არეულობამ კიდევ უფრო გააძლიერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი. ბატონმა ღარიბაშვილმა სამშაბათს ატლანტიკურ საბჭოს განუცხადა, რომ უკრაინაში განვითარებულმა დრამატულმა მოვლენებმა აუცილებელი გახადა ევროკავშირის მხრიდან ევროკავშირში ისეთი ქვეყნებისათვის გაწევრიანების „დაპირება", როგორიც საქართველოა.
თუკი ეს არ მოხდება, „უკრაინის მსგავსი კრიზისი შესაძლოა ისევ და ისევ განმეორდეს", - განაცხადა მან.
დასავლეთმა უნდა გააანალიზოს, რომ საგარეო პოლიტიკაში ღირებულებების მიმართ რწმენის დაკარგვა, შესაძლოა ძვირად დაუჯდეს არა მარტო ისეთ პატარა ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო, არამედ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას",- დაამატა მან. შეკითხვაზე, პრორუსული ხელისუფლების გადადგომა უკრაინაში გამოიწვევს თუ არა რუსეთის მხრიდან მოულოდნელ თავდასხმებს სხვა მეზობელ ქვეყნებზე, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ „არაფერია გამორიცხული, მაგრამ, ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა დავაკვირდეთ მოვლენებს".
ბატონმა ღარიბაშვილმა მიუთითა რუსეთის მოქმედებებზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში როგორც საქართველოს დასავლური ორიენტაციის საპასუხოდ რუსეთის პროვოკაციების დასტურზე.
ომი საქართველოსა და რუსეთს შორის დაიყო 2008 წელს, მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარები შეიჭრნენ საქართველოს კუთვნილ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში სეპარატისტების მხარდასაჭერად. მოსკოვმა და თბილისმა გაწყვიტეს დიპლომატიური ურთიერთობები. რუსეთი აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, აშშ კი - არა.
დეკემბერში, სოჭის ოლიმპიური თამაშების წინ, რუსეთის ხელისუფლებამ აღმართა მავთულხლართი აფხაზეთის ტერიტორიაზე, რაც მოსკოვმა ახსნა როგორც დროებითი ზომა აფხაზეთის მეზობლად მდებარე სოჭის გარშემო უსაფრთხოების ზონის გასაფართოებლად. მიუხედავად ამისა, როგორც ბატონი ღარიბაშვილი აცხადებს, რუსეთმა განაახლა 45 კილომეტრის სიგრძის მავთულხლართის განთავსება სამხრეთ ოსეთის გარშემო გასულ კვირას ოლიმპიადის დასრულების შემდეგ.
„ჩვენ ვაწყდებით მთელ რიგ პროვოკაციებს საოკუპაციო ხაზის გაყოლებაზე", - განაცხადა ბატონმა ღარიბაშვილმა.
„ამის გარდა, რუსეთს არ გააჩნია ბევრი ეკონომიკური ბერკეტი საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ ნაკლებად ვართ დამოკიდებული მათზე. შესაბამისად, ვთვლი, რომ ისინი ალბათ გაამძაფრებენ ზეწოლას და შეიძლება გამოიყენონ კიდეც ზოგიერთი ბერკეტი, მაგრამ მათ არ გააჩნიათ ბევრი ბერკეტი საქართველოში", - დაამატა მან.
საქართველოს კავშირები რუსეთთან ნელ-ნელა უმჯობესდება მას შემდეგ, რაც 2012 წლის არჩევნებში მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის კოალიციამ - „ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა.
ბატონი ივანიშვილი გადადგა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გასული წლის ნოემბერში და დაასახელა ბატონი ღარიბაშვილი როგორც მისი მემკვიდრე ამ პოსტზე.
31 წლის ღარიბაშვილი არის ყველაზე ახალგაზრდა დემოკრატიულად არჩეული ქვეყნის მეთაური მსოფლიოში.
1991 წელს, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, ის 9 წლის იყო. მის სახლში არც გაზი იყო და არც დენი. ასე რომ, იძულებული იყო სანთლის შუქზე ემეცადინა. „ქვეყანაში წყვდიადი სუფევდა", - აცხადებს ის.
დღეს ბატონი ღარიბაშვილი ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა გააუმჯობესოს კავშირები რუსეთთან. მან დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ხოლო მოსკოვის მიერ ქართულ საექსპორტო პროდუქციაზე (ღვინო, მინერალური წყლები და სასოფლო-სამეურნო ნაწარმი) ემბარგოს მოხსნის შემდეგ, რუსეთში ქართული ექსპორტის მოცულობა სამჯერ გაიზარდა.
ამასობაში კი, საქართველო იმედებს ამყარებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე სექტემბერში უელსში დაგეგმილი სამიტის ფარგლებში.
2012 და 2013 წლებში საქართველოში ჩატარდა თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. გარდა ამისა, საქართველო არის ყველაზე დიდი წვლილის შემტანი ავღანეთის მისიაში ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის.
როგორც ბატონი ღარიბაშვილი ამბობს, საქართველომ გაააკეთა ყველაფერი, რასაც მისგან მოელიან.
„ვთვლი, რომ უკვე ჩავაბარეთ ეს გამოცდა. ახლა მათი ჯერია, - განაცხადა მან, - ახლა ალიანსზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეაფასებენ ჩვენ მიერ მიღწეულ პროგრესს, რომელიც აშკარად სახეზეა".

ორიგინალი: http://www.washingtontimes.com/news/2014/feb/26/georgias-pm-irakli-garibashvili-eyes-nato-membersh/?page=all#pagebreak