საქართველოს მთავრობა – მედია პრემიერ-მინისტრის შესახებ

მაშინ, როდესაც უკარაინის კრიზისი მძვინვარებს, საქართველოს ლიდერი აშშ-ს სტუმრობს - New York Times

მაშინ, როდესაც უკარაინის კრიზისი მძვინვარებს, საქართველოს ლიდერი აშშ-ს სტუმრობს
მაიკლ რ. გორდონი
26 თებერვალი, 2014
New York Times

ვაშინგტონი - ოთხშაბათს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის, რათა ემსჯელა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გზებსა და საქართველოს პროდასავლურ მიმართულებაზე. მაგრამ უკრაინაში განვითარებულმა მშფოთვარე მოვლენებმა და მოსკოვის გადაწყვეტილებამ რუსეთის დასავლეთში დაუგეგმავი სამხედრო წვრთნების ჩატარების შესახებ, ერთგვარად დაჩრდილა საქართველოს ლიდერის სტუმრობა.

სამშაბათს საღამოს მიცემულ ინტერვიუში ბ-ნმა ღარიბაშვილმა ილაპარაკა რუსეთის როლსა და უკრაინის მოვლენებზე. როგორც საქართველო იმედოვნებს, ახლა ევროპასთან ინტეგრაცია უფრო აქტიურად წარიმართება.

საქართველო ისწრაფვის ევროკავშირისა და ნატოს წევრობისკენ, რაც მან დაადასტურა ავღანეთში სამშვიდობო მისიაში სამხედრო შენაერთების გაგზავნით. მაგრამ საქართველომ ვერ შეაჩერა რუსეთის ძალისმიერი „კუნთების თამაში" საკუთარ სამშობლოში; რუსეთი გაააქტიურებს მოქმედებებს ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულებისთანავე, -აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ბატონმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთმა განაახლა მავთულხლართების აღმართვა სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონში. აშშ და სახელმწიფოების უმრავლესობა სამხრეთ ოსეთს საქართველოს ტერიტორიად განიხილავს. რუსეთი, რომელმაც თავისი ჯარები გაგზავნა ამ ტერიტორიის ოკუპაციის მიზნით 2008 წლის საქართველოსთან ომის დროს, სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ ქვეყანად თვლის.

,,ისინი აღმართავენ ღობეებს და ამას საზღვარს უწოდებენ",- თქვა ბ-ნმა ღარიბაშვილმა. ,,მათ ეს შეაჩერეს დეკემბერში და განაახლეს სოჭის ოლიმპიური თამაშების დასრულებისთანავე."

ბ-ნმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო არასოდეს გამოიყენებს ძალას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის (კიდევ ერთი სეპარატისტული რეგიონის) დასაბრუნებლად. მან გამოთქვა იმედი, რომ ორივე რეგიონი ნებაყოფლობით ისევ შეუერთდება საქართველოს ევროპაში ინტეგრაციასთან ერთად.

,,ისინი ნათლად დაინახავენ, შესაძლოა 5 წელწადში, შეიძლება 10 წელიწადში, განსხვავებას," - დასძინა ბ-ნმა ღარიბაშვილმა, - ,,და მათი გადასაწყვეტი იქნება, სად სურთ იცხოვრონ - სიბნელეში თუ ნათელ მომავალში."

კიდევ ერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის - უკრაინის მოვლენები აღელვებდა ბატონ ღარიბაშვილს.

როგორც ედუარდ შევარდნაძე (ყოფილი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი), რომელიც საქართველოს პრეზიდენტი იყო 1995-დან 2003 წლამდე, ისე საქართველოს სხვა ლიდერებიც ამბობდნენ, რომ უკრაინას, რომელიც თავის მომავალს ევროპას უკავშირებდა, შეეძლო საქართველოსათვის ამ პროცესების გაადვილება.

საქართველოს ლიდერები გეგმავენ აგვისტოში ხელი მოაწერონ ევროკავშირთან პარტნიორობისა და თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას, რაც კიდევ უფრო გააღიზიანებს რუსეთს.

,,ისინი არ გამორიცხავენ რუსეთის მხრიდან ზეწოლას იმისათვის, რომ მათ წინსვლას ხელი შეუშალოს", - თქვა კენეთ ს. იალოვიჩმა, ყოფილმა დიპლომატმა, რომელიც ამერიკის ელჩი იყო საქართველოში 1998-2001 წლებში. ,,თუკი უკრაინა ევროკავშირისაკენ წავა, ეს გაცილებით გაუადვილებს საქმეს საქართველოს."

როგორც ბ-ნმა ღარიბაშვილმა თავის ინტერვიუში განაცხადა, ის იმედოვნებს, რომ უკრაინა დაუბრუნდება თავის „ევროპულ არჩევანს" და შეუერთდება საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირთან პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერაში და, რომ დასავლეთიც შემხვედრ ნაბიჯს გადადგამს ამ მიმართულებით.

,,ვფიქრობ, უკრაინას საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური პრობლემები აქვს. ვფიქრობ, ევროკავშირი, IMF-სა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუციებთან ერთად, იპოვის მათი პრობლემების გადაჭრის გზებს,"- თქვა მან. ,,მაგრამ მნიშვნელოვანია, რამდენად სწრაფად გააკეთებენ ისინი ამას. მე გავიგე, რომ ევროკავშირმა შესთავაზა 20 მლრდ ევრო. ვფიქრობ, ისინი ძალიან მოქნილად უნდა მოიქცნენ".

ვაშინგტონში ვიზიტისას ბ-ნი ღარიბაშვილს სურდა განემტკიცებინა თავისი კავშირები პრეზიდენტ ობამასა და ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან შეხვედრით და მნიშვნელოვანი გამოსვლით ატლანტიკურ საბჭოში.

მისი ნატოში გაწევრიანება და მოსკოვთან ურთიერთობების გამოსწორება ჯერ კიდევ რთულ გამოწვევად რჩება. საქართველო ამტკიცებს, რომ მისი ეკონომიკის დაკავშირება დასავლეთთან ზიანს არ მოუტანს რუსეთს, მაგრამ არ არის იმის ნიშანწყალი, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზად არის მიიღოს ეს არგუმენტი.

,,ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ისინი", - თქვა ბ-ნმა ღარიბაშვილმა რუსებზე, - ,,ჩვენ უნდა ვეცადოთ, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მათ რეალობა. რუსეთი უნდა დაინტერესდეს საიმედო და პროგნოზირებადი მეზობლის გვერდში ყოლით."

შეკითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ გავლენის დაკარგვამ გაამკაცროს მოსკოვის პოლიტიკა საქართველოს მიმართ, ბ-ნმა ღარიბაშვილმა ფილოსოფიურად უპასუხა.
,,არაფერია გამორიცხული",- თქვა მან. ,,საქართველოს უკვე გამოცდილი აქვს ამგვარი ზეწოლა რუსეთის მხრიდან, როდესაც ჩვენ გვქონდა ომი 2008 წელს. 20% ჩვენი ტერიტორიისა ოკუპირებულია. ასე რომ, კიდევ რა უნდა მოხდეს? ახლა რუსეთს აღარა აქვს ბევრი ეკონომიკური ბერკეტი ჩვენს წინააღმდეგ. უკრაინა სულ სხვა ამბავია, უკრაინა დამოკიდებულია რუსეთზე და რუსეთმა შეიძლება გაათამაშოს ეს."-თქვა მან.

ორიგინალი: http://www.nytimes.com/2014/02/27/world/europe/georgia-leader-visits-us.html?_r=0