საქართველოს მთავრობა – მედია პრემიერ-მინისტრის შესახებ

პრემიერ-მინისტრის ინტერვიუ გერმანიის სახელმწიფო არხ ZDF-თან ამოსაბეჭდი ვერსია

014-06-02

 

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ინტერვიუ მისცა გერმანიის სახელმწიფო არხს ZDF.

 

ევროპის ფანი კავკასიაში

ანდრეას კინასტი და ბენჯამენ ძიალოვსკი

წინა აზიაში მდებარე საქართველო, ოცნებობს ევროკავშირის წევრობაზე. გერმანულ გამოცემა „heute.de"-სთან ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამს ევროკავშირის წევრობის სურვილს და გვიხსნის, თუ რატომ არ ეშინია რუსეთის.
საქართველოს, როგორც ჩანს, ძალიან მოსწონს ევროპა, რადგან მიუხედავად მრავალმხრივი წინააღმდეგობისა, მაინც მყარად დგას ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე. „საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან ეს არა მარტო ჩემი მთავრობის ამოცანაა, არამედ ეს არის ხალხის გადაწყვეტილება. საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტს სურვილი აქვს გახდეს დიდი ევროპული ოჯახის წევრი", - ამბობს ჩვენთან საუბარში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირის არც ერთი წამყვანი პოლიტიკოსი ღიად არ საუბრობს საქართველოს ევროკავშირში შესვლის საკითხზე. მეტიც, გერმანიის კანცლერი, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი შტაინმაიერი სიფრთხილით უყურებენ საქართველოს მომავალს ევროკავშირში.
პირველი ეტაპი ევროპის გზაზე
27 ივნისს საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას.
პრემიერ-მინისტრისთვის ეს არის პირველი ეტაპი ევროპისკენ მიმავალ გზაზე. დასჯის თუ არა რუსეთი, საქართველოს ყველაზე გავლენიანი მეზობელი, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ამ ნაბიჯისთვის? „მას შემდეგ, რაც 2012 წელს არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოვედით, ჩვენ საგრძნობლად შევცვალეთ ჩვენი დამოკიდებულება რუსეთთან", - ამბობს ღარიბაშვილი და ამითი მიანიშნებს მისი წინამორბედის - მიხეილ სააკაშვილის კონფრონტაციულ პოლიტიკაზე. მას შემდეგ, რაც „საქართველომ ბევრი რამ გააკეთა დაძაბულობის განმუხტვისათვის, არ ჩანს იმის ნიშანი, რომ საქართველოს რუსეთთან პრობლემები შეექმნას", - ამბობს ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილი წარსდგა გერმანიის წინაშე. კანცლერი მერკელი მარტო სამხედრო პატივით კი არ დახვდა, არამედ ღარიბაშვილმა ბევრი საქებარი სიტყვაც მიიღო მერკელისაგან, კერძოდ, რომ საქართველო გადის დაახლოების გზას ევროკავშირისაკენ და ამავე დროს ძალასა და ენერგიას არ იშურებს, „რათა ურთიერთობები რუსეთთან ნაბიჯ-ნაბიჯ განავითაროს." ფაქტია, რომ საქართველო არ სვამს საკითხს ან რუსეთი, ან ევროპა. საქართველო, კავკასიის ეს რესპუბლიკა, „ბოლო წლების არასტაბილურობის შთაბეჭდილების" შემდეგ, დღეს გახდა საინვესტიციოდ მიმზიდველი ქვეყანა.
ევროპის ფანი, რომელმაც ,,წართმეული ხელოვნება" დააბრუნა
საქართველომ, ისევე როგორც უკრაინამ, უნდა იბრძოლოს ჩამოშორებული პროვინციებისთვის, რომლებსაც რუსეთი უჭერს მხარს. ქვეყნის ნაწილები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი 2008 წლის სისხლიანი კონფლიქტის შემდეგ გამოიყვნენ. ისინი აღიარეს მხოლოდ რუსეთმა და ნიკარაგუამ, ვენესუელამ და რამდენიმე წყნარი ოკეანის კუნძულმა. ამ დროისათვის აფხაზეთში შიდა დაპირისპირებაა, რაზეც პრემიერმა ღარიბაშვილმა კომენტარი არ გააკეთა. მით უფრო, რომ მის მთავრობას ქვეყნის ამ ნაწილზე არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია.
ევროპის ფანმა პრემიერ-მინისტრმა ბერლინში ორი წიგნი ჩაიტანა - ე.წ. წართმეული ხელოვნება, რომლებიც გერმანიიდან საქართველოში მეორე მსოფლიო ომის დროს მოხვდა. ეს წიგნები 2006 წელს აღმოაჩინეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის 70 000 წიგნს შორის.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრავალწლიანი მცდელობის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ იპოვა გამოსავალი ამ საგანძურის გერმანიისთვის დასაბრუნებლად. ბოდე-მუზეუმში ამ ორი წიგნის გადაცემა ამ პროცესში პირველი სიმბოლური აქტია.

წყარო: http://www.heute.de/georgiens-ministerpraesident-garibaschwili-im-zdf-interview-33393154.html