საქართველოს მთავრობა – მედია პრემიერ-მინისტრის შესახებ

პრემიერ-მინისტრის ინტერვიუ Die Welt-თან: ჩვენ უნდა გავარღვიოთ დაუსჯელობის მანკიერი წრე ამოსაბეჭდი ვერსია

2015-02-11

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, სურს თავისი ქვეყანა ევროპის მიმართულებით წაიყვანოს. ამისათვის მან თვით ძველი მეგობარიც დააჭერინა. მაგრამ უკრაინის კრიზისი ბლოკავს მის გეგმებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ელვისებური კარიერა გაიკეთა: უკვე 32 წლისამ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრობას მიაღწია. მანამდე მან კარიერა საქართველოს უმდიდრესი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესიმპერიაში გაიკეთა. მისმა პარტიამ -„ქართული ოცნება"- 2012 წელს მოიგო საპარლამენტო არჩევნები, რომლის შემდგომ ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა. როცა ივანიშვილმა განცხადება გააკეთა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, მან ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრად დატოვა. საქართველოში ბევრი ვარაუდობს, რომ ივანიშვილი თავის ახალგაზრდა აღსაზრდელზე ქვეყნის პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით ჯერ ისევ ძლიერ ზეგავლენას ახდენს. უკრაინის კრიზისში საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ კვლავ გააგრძელებს ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოების კურსს.

Die Welt: უკრაინაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით საქართველო თავს უსაფრთხოდ (თავდაჯერებულად, დარწმუნებულია) გრძნობს?

ირაკლი ღარიბაშვილი: მსოფლიო ძალიან შეიცვალა. გასულ წელს ევროპაში წარმოუდგენელი მოვლენების მხილველები გავხდით. რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია და კრიზისი არ მთავრდება. რა თქმა უნდა ძალიან ვწუხვართ ასეთ სიტუაციაზე. ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია. რუსი სამხედროები განთავსებულნი არიან ჩვენს ტერიტორიაზე. რუსეთმა ხელი მოაწერა აფხაზეთთან პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას და აპირებს, რომ მსგავსი შეთანხმება სამხრეთ ოსეთთანაც გააფორმოს.

Die Welt: როგორ არის შესაძლებელი რუსეთის მეზობლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა?

ირაკლი ღარიბაშვილი: ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. ამაზე პასუხი ჯერ არ არსებობს, თვით ევროკავშირშიც კი. როცა ჩვენ 2008 წელს ომს ვაწარმოებდით რუსეთთან, ხდებოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოფიციალური ოკუპირება. სამწუხაროდ მსოფლიომ არ აღიქვა ეს საკმარისი სერიოზულობით. პასუხი იქნებოდა ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა. საქართველომ აირჩია თავისი გზა: ევროკავშირთან ინტეგრაცია და ევრო-ანტლანტიკური დაახლოება. ჩვენი გადაწყვეტილება ევროპის სასარგებლოდ არ არის მიმართული რუსეთის საწინააღმდეგოდ, არამედ პირიქით. თუ საქართველოში არ იქნება მშვიდობა და უსაფრთხოება, არ იქნება სტაბილურობა მთელ კავკასიის რეგიონში, რაც არ შეიძლება, შედიოდეს რუსეთის ინტერესში.

Die Welt: იქნება თუ არა ნატოში გაწევრიანება პასუხი და არის თუ არა ის საქართველოს შემთხვევაში რეალისტური?

ღარიბაშვილი: გასულ წერლს უელსის სამიტზე ნატოსთან გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის სპეციალურ ღონისძიებათა პაკეტი. ჩვენ ვთანამშრომლობთ ნატოს წევრ მეზობელ ქვეყნებთან ამ ღონისძიებების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით და აქამდე ყველაფერი წარმატებით განვახორციელეთ. საქართველოს ნატოში ინტეგრაცია რუსეთისადმი მუქარად არ უნდა იქნეს აღქმული. საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და, როგორც ასეთს, უნდა ჰქონდეს თავისი საგარეო პოლიტიკის არჩევის თავისუფლება. ჩვენ ვიცით, რომ ნატოში გაწევრიანება არ მოხდება დღეს ან ხვალ, მაგრამ ჩვენ სწორ გზაზე ვართ.

Die Welt: ამჟამინდელი საქართველოს მთავრობა აქცენტს აკეთებდა რუსეთთან ურთიერთობების განმუხტვაზე. რა შედეგები მოიტანა ამან?

ღარიბაშვილი: მიუხედავად რუსეთთან ჩვენი უკიდურესად კონსტრუქციული ურთიერთობისა, მოსკოვი სამწუხაროდ აგრძელებს თავის პოლიტიკას ოკუპირებულ რეგიონებში. ეს არის უდიდესი პრობლემა. რამოდენიმე წლის წინ რუსეთთან ახალი დიალოგის ფორმატი წამოვიწყეთ. ჩვენ ერთმანეთისგან გავმიჯნეთ ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხები. რუსეთმა გააღო ბაზარი ჩვენი პროდუქციისთვის, მაგრამ პოლიტიკაში არაფერი შეცვლილა. გაფორმებული შეთანხმება აფხაზეთთან და დაგეგმილი შეთანხმება სამხრეთ ოსეთთან ამ რეგიონების ანექსიისკენ გადადგმული შემდგომი ნაბიჯებია. ამ შეთანხმების მიხედვით აფხაზეთსა და რუსეთს შორის არ არსებობს საზღვრები, არსებობს ე. წ. საზღვარი რუსეთსა და საქართველოს შორის. აფხაზეთში კანონები შესაბამისობაში მოჰყავთ რუსეთის კანონებთან.

Die Welt: ხედავთ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების პირველ შედეგებს?

ღარიბაშვილი: ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირთან ვიზების გაუქმების საკითხებზე. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით ქართველი მეწარმეებისა და უცხოელი ინვესტორებითვის უამრავი შესაძლებლობა იხსნება. ჩვენ გვექნება წვდომა ევროპულ ბაზარზე. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება დსთ-ს ქვეყნებთან და თურქეთთან. ბაზარი საერთო ჯამში 900 მილიონი ადამიანისთვის ინვესტორებისთვის ძალიან მიმზიდველია.

Die Welt: რომელ სექტორში ელოდებით საქართველოსთვის განსაკუთრებულ წინსვლას?

ღარიბაშვილი: წინა წელს ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა 5 პროცენტით. სოფლის მეურნეობას აქვს დიდი პოტენციალი. ჩვენ დავიწყეთ სხვადასხვა პროგრამების განხორციელება, რათა დავეხმაროთ სოფლის მეურნეობის სექტორს და ორ წელში 500 მილიონი დოლარის ინვესტიცია განვახორციელეთ. უცხოელი ინვესტორები უფრო და უფრო მეტად ავლენენ ინტერესს ქართული ტურისტული ინდუსტრიის მიმართ. განსაკუთრებით კეთილსაიმედოა ჩვენი მდგომარეობა ლოჯისტიკის სფეროში. ჩვენ ვაპირებთ, ავაშენოთ ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში. ჩინეთს სურს აბრეშუმის გზის კვლავ გაცოცხლება. ამ შემთხვევაში საქართველო გახდება უმოკლესი გზა ჩინეთსა და ევროპას შორის.

Die Welt: ევროკავშირთან დაახლოება ნიშნავს ასევე დემოკრატიის გაძლიერებას. გასულ წელს საქართველოში რამოდენიმე მთავრობის წევრი გადადგა და განაცხადა, რომ ქართული დემოკრატია საფრთხეშია. რა იმალება ამის უკან?

ღარიბაშვილი: არ შემიძლია ამის კომენტირება, ეს სასაცილოა. პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა თაღლითობის მუხლით თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიმართ. დაველოდოთ, გამოძიების დასრულებას. ეს ბრალდება არის პოლიტიკური და არა ობიექტური. პირიქით, ჩვენ დემოკრატია საქართველოში გავაძლიერეთ. სასამართლო პროცესები აბსოლუტურად გამჭვირვალეა. პოლიტიკურად აქტუალურ პროცესებზე მოვიწვიეთ საერთაშორისო დამკვირვებლები. პროკურატურამ დააარსა საბჭო საუკეთესო ყოფილი პროკურორებისგან დიდი ბრტანეთიდან, აშშ-დან და ისრაელიდან. ამით გვსურს ყველა ეჭვი გავფანტოთ.

Die Welt: ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ ახდენს გავლენას პოლიტიკაზე.

ღარიბაშვილი: რას გულისხმობთ გავლენაში? ის არის დიდი ოჯახის, ქართული ოცნების კოალიციის დამფუძნებელი. მე დასაწყისშივე აღვნიშნე, რომ ზოგჯერ ვიღებ რჩევებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის - ივანიშვილისგან. ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს, მე მასთან 10 წელი ვიმუშავე. ბუნებრივია, როცა მიმართავ კონსულტაციისთვის ისეთ ადამიანს, რომელსაც სწორი რჩევის მოცემა შეუძლია. მას კარგი რეპუტაცია აქვს, ის 20 წლის განმავლობაში უდიდესი მეცენატი იყო საქართველოში.

Die Welt: რა საკითხებში გჭირდებათ ყოფილი პრემიერ-მინისტრის რჩევა?

ღარიბაშვილი: სტრატეგიულ საკითხებში, როგორიცაა ეკონომიკური განვითარება. მას დიდი საინვესტიციო პროექტები აქვს საქართველოში. მე გავდივარ კონსულტაციებს მთავრობასთან, მოწვეულ მრჩევლებთან. რატომ არ უნდა ვკითხო რჩევა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და რომელიც ჩემი მენტორია?

Die Welt: ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მისი დაპატიმრების შესახებ ბრძანება გაცემულია. შესაძლებელია, რომ ვარდების რევოლუციის გმირი ციხეში მოხვდეს?

ღარიბაშვილი: მე არ ვარ მოსამართლე და არ შემიძლია ეს გადავწყვიტო. ჩვენ პროკურატურას უნდა მივცეთ საშუალება, ძიება დაასრულოს. ზოგიერთ ქვეყანაში ყოფილი სახელმწიფოს მეთაურები ციხეში არიან. სააკაშვილმა საქართველოში ფასადური დემოკრატია ააშენა. ჩვენი მთავრობის მიზანია, გაარღვიოს დაუსჯელობის მანკიერი წრე. როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი, ჩემი პირველი მოადგილის დაპატიმრებას დავეთანხმე, რომელიც ჩემი უახლოესი მეგობარი იყო. ვინც დანაშაულს სჩადის, პასუხიც უნდა აგოს.

Die Welt: მაგრამ სააკაშვილის მთავრობამაც გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები. მისი გუნდის რამოდენიმე წევრი ამჟამად უკრაინაში მუშაობს. როგორ მიიღეს ეს საქართველოში?

ღარიბაშვილი: მე არასოდეს ვურჩევდი ჩემს უკრაინელ მეგობრებს, ჩვენი ყოფილი ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი კვიტაშვილი მთავრობაში მიეწვიათ. მან ჩვენს ყოფილ პრეზიდენტთან ერთად საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემა დაანგრია. ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ადეიშვილის წინააღმდეგ, რომელიც ამჟამად უკრაინაში მუშაობს, საქართველოში გამოძიება მიმდინარეობს, მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ეკა ზღულაძე სამინისტროს სახე იყო მაშინ, როცა ადამიანებს აწამებდნენ. მაგრამ ეს უკრაინელების არჩევანია. მე არ მინდა, რომ ერთ დღეს მათ იმედები გაუცრუვდეთ.


წყარო:http://www.welt.de/politik/ausland/article137349761/Wir-muessen-den-Kreis-der-Straflosigkeit-brechen.html