საქართველოს მთავრობა – მედია პრემიერ-მინისტრის შესახებ

უვიზო მიმოსვლა იქნება ლოგიკური ნაბიჯი საქართველოს გზაზე ევროკავშირში ინტეგრაციისკენ ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-18

უვიზო მიმოსვლა იქნება ლოგიკური ნაბიჯი საქართველოს გზაზე ევროკავშირში ინტეგრაციისკენ, - ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წერილში, რომელიც www.euractiv.com-მა გამოაქვეყნა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ე.წ. რბილი ძალის წარმატების მაგალითია.

პრემიერი მიიჩნევს, რომ ურთიერთობების განმტკიცების საუკეთესო გზა ადამიანების შორის კონტაქტია და ეს წესი ვრცელდება ურთიერთობების ნებისმიერ დონეზე, იქნება ეს პოლიტიკური, საქმიანი თუ ტურიზმის სფერო.

„პირადად მე ეს გამოვცადე ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების საბჭოს სხდომაზე, რომელიც ამ კვირაში ბრიუსელში გაიმართა. ამ სხდომაზე დადასტურდა ჩვენი წინსვლა ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. დისკუსიებისას აღიარებულ იქნა ბოლო წლებში ჩვენი მთავრობის ყოვლისმომცველი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების ეფექტიანობა, რომელთა შედეგადაც საქართველო უახლოვდება ევროპულ ნორმებს. ეს პროგრესი აისახა ჩვენი რეიტინგების სტაბილურ ზრდაში დემოკრატიული სტანდარტების ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა არჩევნები, სიტყვისა და მედიის თავისუფლება, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებათა დაცვა, გამჭვირვალობა და კორუფციის აღმოფხვრა. 2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ ჩვენმა მთავრობამ პრიორიტეტებად გამოაცხადა მზარდი გამჭვირვალობა, სანიმუშო მმართველობა, პოლიტიკური ანგარიშვალდებულება და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა, როგორც დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციისადმი ჩვენი ერთგულების გამოხატულება. გარდა ამისა, ჩვენ მივიღეთ ზომები მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და პრესის თავისუფლების უზრუნველსაყოფად", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

პრემიერი იმ პოზიტიურ შედეგებზეც საუბრობს, რომელიც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას მოჰყვა და რაც ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაში გამოიხატება.

ირაკლი ღარიბაშვილი ასევე ხაზს უსვამს საქართველოს უნიკალურ მდებარეობას და ეხება აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა.

„საქართველო უპირობოდ ემსახურება ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების საქმეს. ამავე დროს, ჩვენ პროაქტიულად ვუწყობთ ხელს იმ ღირებულებების განმტკიცებას, რომლებიც გვაერთიანებს ჩვენს პარტნიორებთან ევროკავშირიდან. ამის ნათელი მაგალითია პირველი საერთაშორისო კონფერენცია გენდერული თანასწორობის საკითხებზე, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა გასულ კვირას. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურსა და გაეროსთან ერთად ორგანიზებულ ამ კონფერენციაზე გამოიკვეთა ჩვენი ურყევი გადაწყვეტილება რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით, რომლებიც მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების უზრუნველყოფას საყოველთაო თანასწორობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საფუძველზე", - აღნიშნავს პრემიერი.

ირაკლი ღარიბაშვილი ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზა შეუქცევადია და საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა უპასუხოს ვიზების ლიბერალიზაციის მოთხოვნებს.

მთავრობის მეთაური იმედოვნებს, რომ კომისიის მიერ დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში პროგრესის შესახებ შევა პოზიტიური სიგნალი ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რასაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ევროპარლამენტარების მტკიცე მხარდაჭერა მოჰყვება.

პრემიერ-მინისტრის წერილის სრული ვერსიის ხილვა შესაძლებელია მისამართზე: http://www.euractiv.com/sections/enlargement/visa-free-travel-logical-next-step-georgias-eu-integration-journey-319575