საქართველოს მთავრობა – მედია პრემიერ-მინისტრის შესახებ

Keeping Georgia’s NATO Dream Alive ამოსაბეჭდი ვერსია

2016-01-21

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში „კარგი სტიმულია" საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერის კუთხით.

2015 წლის დეკემბერში გიორგი კვირიკაშვილი მოულოდნელად დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი წინამორბედის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ.

წინა თანამდებობაზე, საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა მნიშვნელოვან ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავდა საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობას. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. კვირიკაშვილის თქმით, ევროკავშირისა და ნატოს წევრობასთან დაკავშირებით საქართველოს ოცნების ხორცშესხმა მისი ადმინისტრაციის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება.

„ჩვენ არ ვეძებთ მოკლე გზებს და არ მოველით მყისიერ წინსვლას ინტეგრაციის პროცესში. მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, დავანახოთ ჩვენს ხალხს, რომ ეს პროცესი არ არის შეჩერებული და რომ მას მოაქვს ხელშესახები შედეგები", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

აშიშ კუმარ სენთან (ბლოგი New Atlanticist) ვრცელ ინტერვიუში, რომელიც ელ-ფოსტის მეშვეობით განხორციელდა, გიორგი კვირიკაშვილმა ახსნა, თუ რატომ იმსახურებს საქართველო ნატოს წევრობას. მან ასევე განიხილა რუსეთთან ურთიერთობების საკითხები, თბილისის მოლოდინები დასავლელი პარტნიორებისგან, კერძოდ კი ამერიკის შეერთებული შტატებისგან, და საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების მისეული გეგმა. გთავაზობთ ამონარიდებს ამ ინტერვიუდან.

კ: მას შემდეგ, რაც ჩერნოგორიამ ნატოსგან მიიღო გაწევრების შეთავაზება, ხართ თუ არა უფრო ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ივლისში დაგეგმილ ვარშავის სამიტზე საქართველო მიიღებს წევრობის სამოქმედო გეგმას თუ არა, ნათელ გზამკვლევს მაინც?

კვირიკაშვილი: პირველ რიგში, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მივესალმებით ჩერნოგორიისთვის გაკეთებულ შეთავაზებას ალიანსში გაწევრებასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატოს მხრიდან ღია კარის პოლიტიკისადმი ერთგულებას.

2015 წლის დეკემბრის მინისტერიალზე ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით ნატოს მიერ გაკეთებულ განცხადებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის, რადგან ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს აქვს ალიანსში გაწევრებისთვის მოსამზადებლად ყველა აუცილებელი პრაქტიკული ინსტრუმენტი. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ამ პოლიტიკური ინსტრუმენტების შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად გამოყენება, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს ნატოში გაწევრების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილების მხარდაჭერა.

დღეს საქართველოს თანამშრომლობა ალიანსთან უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე. ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ 2014 წლის უელსის სამიტზე დამტკიცებულ ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს. 2015 წლის აგვისტოში გაიხსნა ტრენინგისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, რომელიც წარმოადგენს ყველაზე მსხვილ პროექტს პაკეტის ფარგლებში. ამის პარალელურად, თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის მიზნით საქართველოში გამოიგზავნა ნატოს ექსპერტთა ჯგუფი. 2015 წელს ჩატარდა ნატო-საქართველოს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები სახელწოდებით „მებრძოლი სული".

საქართველო არის ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიის სიდიდით მეორე წვლილის შემტანი ავღანეთში. გარდა ამისა, 2015-2017 წლებში საქართველო უზრუნველყოფს ქართული ასეულის მონაწილეობას ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში. ნატოს მისიებში მონაწილეობით საქართველომ დაამტკიცა, რომ მას აქვს საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში წვლილის შეტანის უნარი.

ამ ეტაპზე ნაადრევია ვარშავის ნატოს სამიტის შედეგებზე ლაპარაკი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ნატოს გადაწყვეტილება დაეფუძნება საქართველოს მიღწევებს, ასახავს პროგრესს საქართველოს ინტეგრაციის გზაზე და კიდევ უფრო ახლოს მიგვიყვანს ჩვენს საბოლოო მიზანთან, ანუ ნატოს წევრობასთან.

კ: რა სახის გარანტიებს ელოდებით საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან (განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატებისგან) იმისთვის, რომ ძალაში დარჩეს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი, ასევე წახალისებული იყოს საქართველოს ერთგულება რეფორმებისადმი?

კვირიკაშვილი: ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის საქართველოს მოსახლეობის ურყევი არჩევანი, რომელზეც ქვეყნის ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის არსებობს კონსენსუსი. საქართველოს არჩევანს განაპირობებს დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა, კანონის უზენაესობის, თავისუფლებისა და მშვიდობის საყოველთაო ღირებულებები.

საქართველოში გატარებული ძირითადი ინსტიტუციონალური რეფორმების მთავარი მიზანია ქვეყნის მოდერნიზაცია და დემოკრატიისა და კეთილდღეობისკენ მიმავალი გზის შეუქცევადობის უზრუნველყოფა. საქართველო განიხილავს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას როგორც ამ მიზნების მიღწევისა და შემდგომი განმტკიცების შესაძლებლობას.
წინსვლა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მოქალაქეებს მისცემს სტიმულს, რომ მათ მომავალშიც დაუჭირონ მხარი რეფორმებს. ჩვენ არ ვეძებთ მოკლე გზებს და არ მოველით მყისიერ პროგრესს ინტეგრაციის პროცესში. მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, დავანახოთ ჩვენს ხალხს, რომ ეს პროცესი არ არის შეჩერებული და რომ მას მოაქვს ხელშესახები შედეგები.

კ: როგორია საქართველოს პრიორიტეტები ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებში?

კვირიკაშვილი: აშშ არის საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოკავშირე, ხოლო ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები მმართველობის ყველა დონეზე უპრეცედენტოდ მტკიცეა. პიროვნულ დონეზე კი, ჩემი სურვილია, შევასრულო მაკავშირებლის როლი ჩვენს ქვეყნებს შორის. ილინოისის უნივერსიტეტში სტუდენტობის პერიოდთან ძალიან თბილი მოგონებები მაკავშირებს. სასიამოვნო დამთხვევაა, რომ ჩვენ სამივეს - მე, პრეზიდენტ ობამასა და იან კელის (აშშ-ის ელჩი საქართველოში) ილინოისთან გვაქვს კავშირები.

ვიცი, რომ ამერიკას ბევრის შეთავაზება შეუძლია საქართველოსთვის და საქართველოსაც ბევრის შეთავაზება შეუძლია ამერიკისთვის.

უსაფრთხოების სფეროში მზარდი თანამშრომლობისა და სატრენინგო პროგრამების გარდა, ჩვენ უნდა გავააქტიუროთ ჩვენი ეკონომიკური კავშირები. ამერიკა არის საქართველოს ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი (ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა შეადგენს დაახლოებით 355 მლნ დოლარს). თუ გონივრულად გამოვიყენებთ ჩვენი მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობების მტკიცე საფუძველს, მალე ორმხრივი ვაჭრობა ამერიკასთან მილიარდ დოლარსაც გადააჭარბებს.

ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ამერიკული კომპანიების ინფორმირებას საქართველოში არსებული ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო წარმოების, ტრანსპორტისა და ჰიდროელექტროენერგიის წარმოების სფეროებში.

დადგა დრო, ჩვენი პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ, როცა საქართველო-ამერიკის ურთიერთობები გახდება რეგიონში სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიზაციის ქვაკუთხედი.

კ: შარშან, ატლანტიკურ საბჭოზე თქვენ რუსეთი დაახასიათეთ როგორც „საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების კუთხით საქართველოს წინაშე მდგარი ყველაზე დიდი გამოწვევა." ხართ თუ არა კმაყოფილი რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებში (ჟენევის მოლაპარაკებების ჩათვლით) დღეისთვის მიღწეული შედეგებით? ხედავთ თუ არა რუსეთის მხრიდან საპასუხო მზადყოფნას დაძაბულობის შემსუბუქებასთან დაკავშირებით? როგორ აბალანსებთ რუსეთთან მიმართებით თქვენს პოლიტიკას და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან შერიგებისკენ მიმართულ ძალისხმევას?


კვირიკაშვილი: ჟენევის შეხვედრების ფარგლებში ჩვენ გვაქვს პრინციპული მოლაპარაკებები რუსეთთან პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს გადასადგმელი აქვს მნიშვნელოვანი ნაბიჯები, უკვე გაუმჯობესდა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე ტურისტული და კულტურული კავშირები. საქართველოს მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ რუსეთის გადაწყვეტილება შეფასდა როგორც პოზიტიური ნაბიჯი.

თუმცა, რუსეთის მოქმედებები (მაგალითად, ე.წ. თანამშრომლობის შეთანხმებები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან) ჩვენ ყურადღების მოდუნების ფუფუნების საშუალებას არ გვაძლევს.

ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან შერიგებისკენ. ჩვენი სურვილია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს ის რეალური სარგებელი, რომლის შეთავაზებაც შეუძლია ევროპულ და გლობალურ ეკონომიკაში სრულად ინტეგრირებულ თანამედროვე სახელმწიფოს. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენი მთავარი ინსტრუმენტებია დემოკრატია და კანონის უზენაესობა, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზაცია.

კ: რატომ არის ევროკომისიის რეკომენდაცია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ასე მნიშვნელოვანი თქვენი ქვეყნისთვის?


კვირიკაშვილი: ეს არის უდიდესი ნაბიჯი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ის მნიშვნელოვანია ბევრი თვალსაზრისით.

ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოს მოქალაქეთათვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით აღიარებს ჩვენს ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი და ჩვენი მთავრობის უნარს, განახორციელოს რთული და ეფექტიანი რეფორმები.

რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს ნიშნავს, რომ ქართველთა თაობების ნატვრა 2016 წელს რეალობად იქცევა, როცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ მოგზაურობა და ყოველ ექვს თვეში 90 დღის განმავლობაში დარჩენა ევროპაში. ეს კი მოასწავებს ახალ ეტაპს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ქართველ ხალხს მიეცემა სრულიად ახალი შესაძლებლობები.

ამ შედეგით ასევე აღიარებულია მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის, განსაკუთრებით კი ამ პროცესში ჩართული საქართველოს სახელმწიფო უწყებების პროფესიონალიზმი, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და ევროკავშირის უწყვეტი მხარდაჭერა. ეს შედეგი დიდ გავლენას იქონიებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის პოტენციალის სრულად გამოყენებაზე და წაახალისებს ქართულ ბიზნესს ევროპულ ბაზრებზე ახალი შესაძლებლობების მოძიების თვალსაზრისით.

კ: რას გვეტყვით ბოლო წლებში საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების განხორციელების ტემპებზე? რას აკეთებს თქვენი მთავრობა ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად?

კვირიკაშვილი: საქართველო განუხრელად მიჰყვება რეფორმების გზას თავისუფლებისა და დემოკრატიის შემდგომი განმტკიცების უზრუნველსაყოფად. ჩემთვის საპატიოა იმ ძალისხმევის ხელმძღვანელობა, რომელიც კოალიცია ,,ქართულმა ოცნებამ" წამოიწყო 2012 წელს. ამ ძალისხმევის მიზანია ღია და ანგარიშვალდებული მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც მის დამქირავებელს, ანუ ხალხს უსმენს. საქართველომ მიაღწია სტაბილურ წინსვლას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით, ხოლო ჩვენმა წარმატებებმა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მმართველობის სფეროებში საერთაშორისო აღიარება პოვა.

ჩვენმა მთავრობამ უზრუნველყო კონტროლისა და ბალანსის ქმედითი სისტემა. გარდა ამისა, ჩვენ განვახორციელეთ მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზაცია. რეგიონში არასტაბილური მდგომარეობის ფონზე ჩვენმა რეფორმებმა მოგვცა ეკონომიკური ზრდისა და პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნების შესაძლებლობა.

2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღიარეს როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ამ მხრივ, წლევანდელი არჩევნები განსხვავებული არ იქნება. ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაცია არის განგრძობითი პროცესი. ჩვენი მოლოდინით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაში დაფიქსირდება კიდევ უფრო შთამბეჭდავი პროგრესი.

კ: ქართული ოცნების მმართველი კოალიციის პოპულარობის დაცემაში, როგორც წესი, ადანაშაულებენ საქართველოს სუსტ ეკონომიკას. რა სახის გამოწვევებს აწყდებით საქართველოს ეკონომიკის გამოცოცხლების გზაზე და რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავთ ამ გამოწვევების გადასალახად?

კვირიკაშვილი: მთავრობის მიზანია უკეთესი ცხოვრების შესახებ თითოეული საქართველოს მოქალაქის (როგორც ქალაქად, ისე სოფლად მცხოვრებთა) ოცნების რეალობად ქცევა. მართალია, ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში, რითაც გავაუმჯობესეთ ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონე, წინ კიდევ ბევრი შრომა გველის.

ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ჩვენი ეკონომიკის ზრდაზე, რათა შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი, ხოლო ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ რეალური სარგებელი.

2012 წელს ჩვენი კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე ჩვენი ეკონომიკა შეარყია ძლიერმა საგარეო ეკონომიკურმა ძვრებმა და უკრაინისა და შუა აღმოსავლეთის რეგიონალური უსაფრთხოების კრიზისებმა, რამაც რეგიონს გამოაცალა საერთაშორისო ინვესტიციები და დააკნინა ზრდა. დღეს საქართველოს ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება და იზრდება. 2015 წელს საქართველომ მოიზიდა 1.7 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

დღეს საქართველოს აქვს შემდგომი განვითარების და ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვან კომერციულ მაკავშირებლად ჩამოყალიბების შესანიშნავი შესაძლებლობა. 2015 წლის შემოდგომაზე ჩვენ ვუმასპინძლეთ თბილისის აბრეშუმის გზის პირველ ფორუმს, რომელმაც პარტნიორობის შესაძლებლობების მოსასინჯად და აბრეშუმის გზის რეგიონის შესახებ შეხედულებების გასაზიარებლად თავი მოუყარა ბიზნესისა და სამთავრობო სექტორების 700 ლიდერს 34 ქვეყნიდან. ვთვლით, რომ მომავალში ეს იქნება ჩვენი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა.

გარდა ამისა, ვთვლი, რომ მეწარმეობის სულისკვეთების წახალისების გზით ჩვენ შევძლებთ ჩვენი ეკონომიკის ტრანსფორმირებას. ხშირად ვაწყდებით სიტუაციას, როცა არსებული ბიზნესი სწრაფად ვითარდება, მაგრამ დამწყები ბიზნესი ვერ იზიდავს ფინანსებს თავიანთი იდეების განსახორციელებლად. ამ პრობლემის გადასაჭრელად და დამწყები ბიზნესის ხელშესაწყობად ჩვენ წამოვიწყებთ ახალ პროგრამებს. ჩვენ დავუთმობთ მნიშვნელოვან რესურსებსა და ენერგიას ახალი ბიზნესის მხარდაჭერასა და ინოვაციური იდეების მქონე ახალგაზრდების წახალისებას. ყოველივე ეს გააძლიერებს საშუალო ფენას და ჩვენს ახალგაზრდობას უზრუნველყოფს სამუშაო ადგილებით.

წყარო: http://www.atlanticcouncil.org/blogs/new-atlanticist/keeping-georgia-s-nato-dream-alive