საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ევროპული არჩევანი შეუქცევადია ამოსაბეჭდი ვერსია

 

წინასაარჩევნო პერიოდში, რომლის განმავლობაშიც მიმდინარეობს ცხარე დებატები ნატოსთან მიმართებით საქართველოს მისწრაფებებთან დაკავშირებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი შეუქცევადია.

„საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა განიხილავს ევროკავშირისა და ნატოს წევრობას როგორც აუცილებლობას, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიის უფრო მაღალ სტანდარტებს, მშვიდობას და კეთილდღეობას როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მთლიანად რეგიონში", - განაცხადა კვირიკაშვილმა ინტერვიუში.

8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

„მართალია, არჩევნების მონაწილე მთავარ პოლიტიკურ ძალებს შორის არის პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ყველა ძირითადი პარტია ერთსულოვნად ემხრობა დასავლეთში შემდგომ ინტეგრაციას", - აცხადებს კვირიკაშვილი.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხვის თანახმად, რომელიც ახლახან ჩატარდა, საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს მთავრობის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს - 68 პროცენტი ემხრობა ნატოში და 71 პროცენტი ევროკავშირში გაწევრებას.

მიუხედავად ამისა, ივნისში დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა: „საქართველომ უარი უნდა თქვას ნებისმიერი სამხედრო ბლოკის წევრობაზე, იქნება ეს ნატო თუ სხვა რომელიმე სამხედრო ალიანსი. საქართველოში არ უნდა იყოს არც ერთი ქვეყნისა თუ ბლოკის ჯარები".

ამის საპასუხოდ, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა წამოაყენა ინიციატივა, რომლის თანახმადაც კონსტიტუციაში უნდა აისახოს საქართველოს მისწრაფებები ნატოსთან დაკავშირებით.

საქართველოს გზაზე ნატოს წევრობისკენ არც თუ ისე მნიშვნელოვანი წინსვლაა, რადგანაც ალიანსის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო გამოთქვამს შიშს, რომ ასეთი გადაწყვეტილება გააღიზიანებს რუსეთს.

საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან მიმართებით რუსეთის ფაქტორის შესახებ კითხვას კვირიკაშვილმა ასე უპასუხა: „ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების დაფასება იქნება ძლიერი გზავნილი, რომ 21-ე საუკუნეში მიუღებელია გავლენის სფეროთა აღორძინება და სუვერენული სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკის არჩევნის შეზღუდვის მცდელობები".

ჩვენთან ინტერვიუში კვირიკაშვილმა ასევე განმარტა, თუ რატომ არის აუცილებელი საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის დაწესება. მან განაცხადა, რომ „ვიზების ლიბერალიზაცია საგრძნობ სარგებელს მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ერთსულოვნად უჭერენ მხარს ევროინტეგრაციას".

„გარდა ამისა, ეს თვალნათლივ დაანახებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უპირატესობებს", - დაამატა მან. აქ ლაპარაკია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად ოკუპირებულ რეგიონებზე. მას შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ორივე რეგიონთან გააფორმა შეთანხმებები, რომელთა ძალითაც მოსკოვმა მოიპოვა კონტროლი მათ თავდაცვის სფეროსა და საზღვრებზე.

სექტემბერში იოჰანეს ჰანმა (ევროკომისარი გაფართოების საკითხებში) განუცხადა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას, რომ საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციის საკითხი წელს გადაწყდება.
New Atlanticist-ის კორესპონდენტთან, აშიშ კუმარ სენთან ელფოსტის მეშვეობით ჩატარებული ინტერვიუს ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი შეეხო თემების ფართო სპექტრს. გთავაზობთ ამონარიდებს ამ ინტერვიუდან.

 

კითხვა: ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას...

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ წინაშე მდგარი ყველაზე დიდი ამოცანა ისაა, რომ მომავალშიც ვიყოთ სტაბილურობის შუქურა და ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალა რეგიონში, რომელშიც ჩვენ რთულ გამოწვევებს ვაწყდებით. ბოლო წლებში ჩვენ მივაღწიეთ დიდ პროგრესს ეკონომიკური განვითარების, საზოგადოების გაერთიანებისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ჩვენ მომავალშიც ძალ-ღონეს არ დავიშურებთ უფრო თავისუფალი და აყვავებული საქართველოს მშენებლობისთვის.

2008 წლის აგვისტოს ომში რუსული აგრესიის შედეგად, ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი დღესაც ოკუპირებულია და ასობით ათასმა ადამიანმა იძულებით დატოვა საცხოვრებელი ადგილი. ამ ტრაგედიის შედეგებს ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ და 2008 წლის აგვისტოს გამოცდილება გვარწმუნებს, რომ საჭიროა კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა, რომელიც გამიზნულია უფრო ძლიერი და თავდაცვისუნარიანი სახელმწიფოს მშენებლობისკენ.

სწორედ ამიტომ ვუთმობთ ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას გამოწვევების შესაძლებლობებად გარდაქმნას და ისეთი ქვეყნის მშენებლობას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ყველა ქართველის კეთილდღეობა.

კითხვა: რას ნიშნავს საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა, რომელიც ახლახან კიდევ უფრო გაღრმავდა?

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებას და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების კონტექსტში. სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის ვიზიტი იყო იმ უდიდესი მხარდაჭერის კიდევ ერთი დემონსტრირება, რომელსაც ბოლო 25 წელია, დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული, აშშ უცხადებს საქართველოს, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებით ჩვენი მისწრაფებების კუთხით.

მე და მდივანმა კერიმ ხელი მოვაწერეთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში პარტნიორობის გაღრმავების მემორანდუმს, რომლის მიზანიცაა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესება. ამ დოკუმენტის ფარგლებში ჩვენ გავცვლით ინფორმაციას და ვითანამშრომლებთ საერთო საფრთხეების დაძლევაზე. გარდა ამისა, ჩვენი თანამშრომლობა გაღრმავდება საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა საქართველოს შეიარაღებული ძალების გრძელვადიანი მდგრადობის განმტკიცება და თავდაცვასთან დაკავშირებული შესყიდვების მხარდაჭერა.

საქართველოს სახით ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს ერთგული მეგობარი, სტაბილური გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მოკავშირე, რომელთანაც მას აქვს საერთო ღირებულებები და გლობალური უსაფრთხოების პრიორიტეტები. უკვე ათწლეულზე მეტია, რაც ჩვენი მებრძოლები ამერიკელი კოლეგების მხარდამხარ მსახურობენ ავღანეთსა და ერაყში. დღეს ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ტერიტორიული თავდაცვის ზომებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოებისთვის და რეგიონალური სტაბილურობისთვის. თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან უკიდურესად მნიშვნელოვანია ამ მხრივ წარმატების მისაღწევად.

გასულ კვირაში წარმომადგენელთა პალატამ გამოამჟღავნა პარტიათა შორის ერთსულოვნება, როდესაც ხმების უმრავლესობით (410-6) მიიღო რეზოლუცია #660. ამ რეზოლუციაში ასახულია ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. ეს საკანონმდებლო დოკუმენტი წარმოადგენს მნიშვნელოვან განცხადებას აშშ-ის მხრიდან საქართველოსა და მისი სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესახებ.

კითხვა: ვარშავის სამიტზე ნატომ მოუწოდა ალიანსში გაწევრების მსურველ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, წევრობისთვის მომზადების ფარგლებში აუცილებელი რეფორმების გატარების გაგრძელებისკენ. თქვენი აზრით, არის თუ არა ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო უფრო ახლოს ნატოს წევრობასთან?

გიორგი კვირიკაშვილი: დიახ, ჩვენ ვთვლით, რომ საქართველო კიდევ უფრო ახლოს არის ნატოს წევრობასთან.

ვარშავის სამიტმა ცხადყო, რომ საქართველო წარმატებით მიიწევს წინ ნატოს წევრობისკენ როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით. მოკავშირეებმა დაადასტურეს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველო გახდება ნატის წევრი. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ინტეგრაციის პროცესი წარმატებით ვითარდება და საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოში გაწევრებისთვის მოსამზადებლად.

რაც შეეხება პრაქტიკულ თანამშრომლობას, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყოფენ დამატებით მხარდაჭერასა და დახმარებას საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განსამტკიცებლად. ეს მნიშვნელოვანი უახლესი გადაწყვეტილებები მოიცავს: ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის დაკავშირებას მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის საწვრთნელ და საგანანმანათლებლო საქმიანობასთან; საქართველოს საჰაერო თავდაცვისა და საჰაერო დაზვერვის მხარდაჭერას; ტრასტის შექმნას ნატო-საქართველოს ერთობლივი პროექტების ეფექტიანად განხორციელების ფინანსური მხარდაჭერისთვის.

მოკავშირეებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ როგორც არსებული, ისე ახალი ინიციატივები ეხმარება საქართველოს, როგორც წევრობის მსურველ ქვეყანას, ნატოს გაწევრებისთვის მომზადების გზაზე.

კიდევ ერთი ძლიერი გზავნილი გაჟღერდა 7-8 სექტემბერს, სამიტიდან სულ რაღაც ორი თვის შემდეგ, როცა ჩრდილოატლანტიკური საბჭო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში, რათა განხილულიყო ვარშავის გადაწყვეტილებების გატარების პრაქტიკული გზები. ეს იყო საბჭოს რიგით მეოთხე ვიზიტი.

კითხვა: რეფორმების განხორციელების მხრივ, რომელ საკითხებს ანიჭებს საქართველო პრიორიტეტს?

გიორგი კვირიკაშვილი: საშინაო საქმეების მხრივ, ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელება, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყნის მოდერნიზაციის დაჩქარებას და სარგებელს მოუტანს ყველა საქართველოს მოქალაქეს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს.

ამ გეგმის ფარგლებში პრიორიტეტულ მიმართულებებში შედის გადასახადების შემდგომი ლიბერალიზაცია, რაც ხელს შეუწყობს ზრდაზე ორიენტირებული საგადასახადო სისტემის შექმნას და საქართველოს საგადასახადო სისტემის დაახლოებას ესტონეთის საგადასახადო მოდელთან, რომელიც გულისხმობს ყველა ბიზნესის გათავისუფლებას მოგების გადასახადისგან, თუკი ისინი არ ახორციელებენ დივიდენდების გაცემას. ახალი წესები ძალაში შევა 2017 წლის იანვარში.

გარდა ამისა, ჩვენ ვგეგმავთ მთავარი გზატკეცილების მშენებლობის დაჩქარებას, რათა მოხდეს მათი ინტეგრირება რეგიონალურ სატრანსპორტო ქსელში. ეს კი გააძლიერებს საქართველოს როლს ახალი აბრეშუმის გზის ფარგლებში და წარმოაჩენს საქართველოს როგორც ტურიზმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრს.

ტურიზმი არის საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. მსოფლიოს ყველა კუთხიდან საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა თითქმის ყოველწლიურად იზრდება. ჩვენი სასტუმროები სრული დატვირთვით მუშაობენ, ხოლო ახალი სასტუმროების მშენებლობა წარმოადგენს საქართველოს ინფრასტრუქტურული განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მახასიათებელს.

ჩვენ ასევე ვამახვილებთ ყურადღებას განათლების სისტემის რეფორმაზე, რომლის ფარგლებშიც მიზნად ვისახავთ ზოგადი და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს დარღვეული ბალანსი პროფესიონალ კადრებზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის.

დაბოლოს, ღია მმართველობის ხელშეწყობით ჩვენ მიზნად ვისახავთ საკანონმდებლო პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის ხარისხის შემდგომ გაზრდას და საჯარო მომსახურების მოდერნიზაციას.

კითხვა: რამდენად პრობლემურია თქვენთვის რუსეთის მიერ ვეტოს უფლების გამოყენება ნატოში საქართველოს შესვლასთან დაკავშირებით? რატომ არის მნიშვნელოვანი ალიანსისთვის ასეთი პრეცედენტის თავიდან აცილება?

გიორგი კვირიკაშვილი: გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, მიღებული იყო ბუქარესტის სამიტზე და ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ კიდევ არაერთხელ დადასტურდა კიდეც. ასე რომ, აქ ლაპარაკია იმაზე, „როდის" გახდება და არა „გახდება თუ არა" საქართველო ნატოს წევრი.

როგორც საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ბოლო ვიზიტის დროს ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ნატო იცავს იმ ფუნდამენტურ პრინციპს, რომლის მიხედვითაც ყველა სუვერენულ სახელმწიფოს აქვს უფლება, თავად განსაზღვროს თავისი გზა, უსაფრთხოების საკითხებში ამა თუ იმ გაერთიანებაში თუ სამხედრო ალიანსში გაწევრების ჩათვლით. გადაწყვეტილება საქართველოს წევრობის შესახებ ერთპიროვნულად მიიღეს ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა და ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობდა საქართველოს დამსახურებიდან და ალიანსის უსაფრთხოებაში მის მიერ წვლილის შეტანის პერსპექტივიდან.

ნატოს წევრობა არის ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანი და ჩვენი მთავრობის საბოლოო მიზანი. ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა, ძალ-ღონე არ დავიშუროთ ამ მიზნის მისაღწევად. ამავე დროს, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ წინ გამოწვევებით აღსავსე გზა გველის, და ჩვენ მზად ვართ, თანამიმდევრულად მივყვეთ ამ გზას, რომელიც ამ მიზნამდე მიგვიყვანს.

ამავდროულად, ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების დაფასება იქნება ძლიერი გზავნილი, რომ 21-ე საუკუნეში მიუღებელია გავლენის სფეროთა აღორძინება და სუვერენული სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკის არჩევნის შეზღუდვის მცდელობები. საქართველოს გაწევრება ნატოში გააფართოებს ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ზონას, რითაც სამსახურს გაუწევს როგორც მოკავშირეთა, ისე საქართველოს საერთო ინტერესებს. საქართველომ დაამტკიცა თავისი ურყევი პოლიტიკური ნება და უნარი, წვლილი შეიტანოს საერთო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში. ჩვენ ნათლად ვაჩვენეთ, რომ ვეძებთ არა მხოლოდ უსაფრთხოების გარანტიებს, არამედ მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ საერთო უსაფრთხოებაზე ზრუნვის საქმეში.

გარდა ამისა, ნატოში ჩვენი წევრობა დადებითად აისახება რეგიონალურ უსაფრთხოებაზე. საქართველოს წარმატება ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე იქნება შთამბეჭდავი მაგალითი, რომ ჩვენს რეგიონში შესაძლებელია დემოკრატიული ტრანსფორმაცია და საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებელი არჩევნის პატივისცემა.

კითხვა: ოქტომბრის არჩევნების მოლოდინში ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი საქართველოში აცხადებს, რომ საქართველომ ოფიციალურად უნდა განაცხადოს უარი ნატოს წევრობაზე. რამდენად საზიანოა საქართველოს პროდასავლელი ლიდერებისთვის ის შეყოვნება, რომელიც დაფიქსირდა ნატოს გაწევრებისკენ მიმავალ გზაზე და ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში?

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს ევროპული არჩევანი შეუქცევადია. საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა განიხილავს ევროკავშირისა და ნატოს წევრობას როგორც აუცილებლობას, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიის უფრო მაღალ სტანდარტებს, მშვიდობას და კეთილდღეობას როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მთლიანად რეგიონში.

ჩვენი ხალხი მხარში უდგას მთავრობას ჩვენი ამბიციური რეფორმების გეგმის განხორციელებაში. ვიზების ლიბერალიზაცია საგრძნობ სარგებელს მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ერთსულოვნად უჭერენ მხარს ევროინტეგრაციას. გარდა ამისა, ეს თვალნათლივ დაანახებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უპირატესობებს.

8 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. მართალია, არჩევნების მონაწილე მთავარ პოლიტიკურ ძალებს შორის არის პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ყველა ძირითადი პარტია ერთსულოვნად ემხრობა დასავლეთში შემდგომ ინტეგრაციას. ვარშავის სამიტამდე ყველა წამყვანმა პარტიამ ხელი მოაწერა ერთობლივ მიმართვას ნატოს წევრი ქვეყნებისადმი, რომელშიც აისახა თხოვნა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ოცზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია გაერთიანდა კოალიციაში ევროატლანტიკური საქართველოსთვის. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ ჩავატარეთ წარმატებული საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნები და წელს საპარლამენტო არჩევნებით ჩვენ დავაგვირგვინებთ ამ ციკლს.

ევროინტეგრაციის პროცესი, რომელიც სრული დატვირთვით მიმდინარეობს, საქართველოს გარეშე არასრულია. დემოკრატიის ხელშეწყობის, განვითარების, მშვიდობის დამყარებისა და ლიბერალიზაციის კუთხით, ევროინტეგრაციის პროცესი უალტერნატივოა.

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველომ უკვე მიიღო მნიშვნელოვანი ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სარგებელი. ქართველი ხალხი მომთმენია და რეალისტურად უყურებს იმას, რომ ამას დრო სჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობა მომავალშიც მხარს დაუჭერს ქვეყნის პროდასავლურ პოლიტიკურ ლიდერებს. ყველა ფაქტისა და ასპექტის გათვალისწინებით, ცხადია, რომ როგორც ჩვენი მიზნისკენ მიმავალ გზას, ისე თავად ამ მიზანს სარგებელი მოაქვს საქართველოსთვის.

კითხვა: რა ნაბიჯებს დგამს საქართველო ორგანიზებული დანაშაულის გამო გერმანიის მიერ გამოთქმულ შეშფოთებასთან დაკავშირებით, რომელიც გახდა საქართველოს მოქალაქეთათვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შემოღების შეჩერების მიზეზი?

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო იყო და არის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში ევროკავშირის ერთგული, უნარიანი და სანდო პარტნიორი. კრიმინალთან საბრძოლველად ბოლო ორი წლის განმავლობაში გერმანიამ და საქართველომ გააღრმავეს თანამშრომლობა და კონკრეტული შედეგები უკვე სახეზეა. გერმანიაში მცხოვრები ქართველ მოქალაქეებს შორის დანაშაულის დონე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ამ ქვეყანაში მცხოვრებ მიგრანტთა ყველა ჯგუფთან შედარებით. ასე რომ, საქართველოსა და გერმანიას შორის მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის შემოღება არ წარმოადგენს არავითარ რისკს დანაშაულებრივი მოქმედებების ზრდის მხრივ.

ბოლო წლებში საქართველო ასევე წარმატებით ებრძვის ორგანიზებულ დანაშაულს შინ. ჩვენ გავაგრძელებთ და გავაფართოებთ თანამშრომლობას ამ საკითხებზე გერმანიასა და სხვა ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა აღმოვფხვრათ ქსელური დანაშაულებრივი საქმიანობის რისკები.

წყარო: atlanticcouncil.org