საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო ამოსაბეჭდი ვერსია

2015-12-11

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 2016 წლის იანვარში გაიმართება-მთავრობის მეთაურმა აღნიშნული ფაქტის მნიშვნელობა დღეს მთავრობის სხდომაზე შეაჯამა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველო რეალურად იწყებს ისტორიული ფუნქციის შესრულებას. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ერთ წელიწადში დასრულდება.

„ჩინეთში ვიზიტის დროს შევხვდი ჩინეთის პრემიერ-მინისტრს და ამ შეხვედრაზე საბოლოოდ გადაწყდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. ამ დღეებში ჩინეთში იმყოფებოდა ეკონომიკის მინისტრი და გუშინ უკვე ოფიციალურად დავიწყეთ მოლაპარაკებები თავისუფალ ვაჭრობაზე. ჩინეთის ბაზარი ეს არის ყველაზე დიდი ბაზარი მსოფლიოში, ეს არის 1 მილიარდ 400 მილიონიანი მომხმარებლის ბაზარი, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ მეწარმეებმა ნულოვანი დაბეგვრით გაიტანონ პროდუქცია. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს მოლაპარაკებები ერთი წლის განმავლობაში დასრულდება. ჩინეთის პრემიერმა პირადად დამიდასტურა მათი სურვილი და ნება, რომ საქართველოს მიეცეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. ჩვენ ვიქნებით მთელ ევროპაში მესამე ქვეყანა, რომელსაც ექნება თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან. ამ ფაქტის მნიშვნელობა იმედი მაქვს ყველას კარგად ესმის და მივმართავ მეწარმეებს, ამ საკითხით დაინტერესდნენ და დაიწყონ მომზადება,"-განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.
მისივე თქმით, დღე-დღეზე ჩინეთიდან საქართველოში სატვირთო მატარებელი შემოვა, რაც დასტურია იმის, რომ „აბრეშუმის გზის" პროექტი რეალიზებას იწყებს.
"ჩვენ ველოდებით მატარებელს, რომელიც ჩინეთის გავლით შემოვა საქართველოში დღე-დღეზე. შტორმი იყო კასპიის ზღვაზე და ალბათ ამიტომ დააგვიანდა. კორეიდან წამოსული ტვირთი შემოაქვს და მე ვფიქრობ, ეს იქნება სწორედ კარგი დასტური იმისა, რომ ეს პროექტი რეალიზებას იწყებს. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ სანდო პარტნიორი, ტრანზიტული ქვეყანა ამ პროექტსა და ამ ისტორიულ მისიაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, ჩინური მხარე კორიდორის მაქსიმალურ გახსნას მიესალმება.
"კორიდორის მნიშვნელობაზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ეკონომიკური საბჭოს ფარგლებში. ჩინეთის მხარე თავის მხრივ რა თქმა უნდა, მიესალმება კორიდორის მაქსიმალურ გახსნას და ადასტურებს, რომ აღნიშნულ კორიდორს მათთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს. კორიდორის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის ღრმაწყლოვანი ანაკლიის პორტი, რომელზეც ასევე ვისაუბრეთ. ასევე ეკონომიკური კომისიის ფარგლებში აღინიშნა მისი მნიშვნელობა", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური