საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

საქართველო მთის საერთაშორისო დღეს უერთდება ამოსაბეჭდი ვერსია

2015-12-11

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ინიციატივით გამოდის, რომ 11 დეკემბერს საქართველოში მთის დღე აღინიშნოს. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი მთის განვითარებაა და ამ მიმართულებით მთელი რიგი ნაბიჯები უკვე გადაიდგა.

„გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 11 დეკემბერს მთელი მსოფლიო მთის დღეს აღნიშნავს და გამოვდივართ ინიციატივით, შევუერთდეთ ამ თარიღს. მოგეხსენებათ, ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი მთის განვითარებაა. მით უმეტეს, მხედველობაში გვაქვს ის, რომ ჩვენ მივიღეთ მთის კანონი. მთაზე ძალიან დიდ აქცენტს ვაკეთებთ და მიგვაჩნია, რომ ეს უდიდესი და უნიკალური რესურსია, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. გამოვდივარ ინიციატივით, გაეროს ამ გადაწყვეტილებას შევუერთდეთ და მთის დღე დავაკანონოთ საქართველოშიც. მე ვფიქრობ, ეს პირდაპირ ეხმიანება ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და გატარებულ რეფორმებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მთის კანონით დაწესებულ შეღავათებზეც ისაუბრა.

"პენსიები მოიმატებს და მთაში გახდება 216 ლარი. ვფიქრობ, რომ სხვა სახის შეღავათებიც, რაც მთაში შემოგვაქვს, წაახალისებს და გამოაცოცხლებს იქ არსებულ უნიკალურ რესურსს და გახდება შესაძლებელი ამ პოტენციალის სრულად გამოყენება. ასევე, უკვე არსებობს სპეციალური წესები, რომლითაც მთაში საწარმოს შექმნა შესაძლებელია ნულოვანი დაბეგვრით", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერს თქმით, მთაში დაბრუნების სურვილს უკვე არაერთი ოჯახი გამოთქვამს, რაც იძლევა მოსახლეობის ადგილზე დამაგრების იმედს.

"მე ვფიქრობ, 10 წლის თავზე მთაში უნდა გვქონდეს ძალიან სერიოზული ინფრასტრუქტურა, საწარმოები და ზოგადად, მოსახლეობა უნდა დავამაგროთ ადგილზე. არაერთმა ოჯახმა გამოხატა უკვე დაინტერესება მთაში დაბრუნებაზე. რაჭაში რამდენიმე ოჯახი უკვე დაბრუნდა და მიმაჩნია, რომ ეს გამოწვეულია იმ წამახალისებელი ინიციატივებით, რაც მთის კანონის მიღებამ გამოიწვია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური