საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა დიპლომატებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-12-19

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მეუღლესთან ერთად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა დიპლომატებს დამდეგი დღესასწაულები მიულოცა, გასული წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„თუკი გადავხედავთ ჩვენს წარმატებებს ამ წლის განმავლობაში, დაუჯერებელია, რომ მხოლოდ ერთი წელიწადი გავიდა. იანვარში მე და ჩემმა გუნდმა დავსახეთ მიზნები და პრიორიტეტები, დაწყებული ევროინტეგრაციით და დამთავრებული რეფორმებით, რათა საქართველო გამხდარიყო რეგიონალური და გლობალური მოვლენების მნიშვნელოვანი მონაწილე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველომ ყველა ასპექტში დიდ წინსვლას მიაღწია.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება სწრაფად წარიმართა - ევროკავშირის 27 წევრმა ქვეყანამ და ევროპარლამენტმა უკვე განახორციელეს მისი რატიფიცირება;
ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში უზარმაზარი წინსვლა დაფიქსირდა - ევროკომისიამ საბოლოო დადებითი ანგარიში გამოაქვეყნა;
საქართველოსთვის მინიჭებულმა არსებითმა პაკეტმა ხელი შეუწყო ნატოსთან ურთიერთობების განმტკიცებას.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვიზის ლიბერალიზაცია თავიდანვე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი იყო და საქართველოს მთავრობამ ძალისხმევა არ დაიშურა, რათა განეხორციელებინა რეფორმები, კანონმდებლობისა და მმართველობის ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოსაყვანად.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური