საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

საქართველოს მთავრობის მეთაურის ანგარიში ამოსაბეჭდი ვერსია

2015-12-21

 

ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, გამჭვირვალე მმართველობის სისტემა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები, ენერგეტიკული პროექტები, ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობა, სოფლის მეურნეობის აღორძინება, ეკონომიკის განვითარება, კულტურის სტრატეგიის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, სპორტული წარმატებები, დეპოლიტიზებული სამართალდამცავი სტრუქტურები, კონკურენტული ბიზნესგარემო, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, გაუმჯობესებული საარჩევნო და შრომის კანონმდებლობა- საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

"ყველას გვინდა კარგად ვცხოვრობდეთ დღესვე, მაგრამ ყველაზე მეტად გვინდა, რომ ჩვენ მიერ გამოვლილი განსაცდელებისა და ტრაგედიებისგან დავაზღვიოთ შვილები, უზრუნველვყოთ მათი მომავალი. გავძლიერდეთ რეალურად, და არა ცხრილებსა თუ პროპაგანდისტულ კამპანიებში. შრომის პროცესი არ არის სენსაცია, ის ყოველთვის არ ხვდება ნიუსებში. ხშირად თვით შრომის შედეგებიც არ ხვდება მედიაში. რა თქმა უნდა ჩვენ გვახსოვს სატელევიზიო მითებზე დაფუძნებული ხელისუფლება. მაგრამ ქართული საზოგადოება აღარაა თანახმა ილუზიებში იცხოვროს. ჩემი დღევანდელი ანგარიშის უმთავრესი საგანი იყო შრომა - მევენახეთა თუ მეცნიერების, ბიზნესმენების თუ საჯარო მოხელეების... ამგვარი შრომა ნაბიჯ-ნაბიჯ, თანმიმდევრულად ქმნის ახალ რეალობას, რომელშიც არ რჩება ადგილი ილუზიებისთვის. მჯერა, რომ დღეს ჩვენი ხალხი ხედავს ამ რეალობას. რომ სწორი გზით მივდივართ ჩვენი და ჩვენი შვილების უკეთესი ხვალინდელი დღისკენ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ხალხის საკადრისი ხელისუფლება ვიყოთ. აღჭურვილი ვართ რწმენითა და ენერგიით, მომავლის მკაფიო ხედვით. ჩვენ გუნდს ამოძრავებს ერთადერთი ამბიცია - რომ როდესაც წლების შემდეგ ჩვენ საქმეებს გაიხსენებენ, თქვან, რომ ყველაფერი გავაკეთეთ დიდი ნდობისა და პატივის გასამართლებლად, ჩვენი ნიჭიერი, ღირსეული ხალხის თავდაუზოგავი მსახურებისთვის,"-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვრცელ გამოსვლაში ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ძირითად მიღწევებზე ისაუბრა და სამომავლო გეგმები დასახა. მისი თქმით კოალიცია "ქართული ოცნების" გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გაამართლოს ხალხის ნდობა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის ანგარიშს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, განათლებისა და კულტურის სფეროს მოღვაწეები, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების თანამშრომლები, ბიზნესმენები, იძულებით გადაადგილებული პირები, სპორტსმენები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, სტუდენტები, ჯანდაცვისა და სხვა სფეროების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური