საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია

2015-12-24

ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, ყველას მოგესალმებით. მოგეხსენებათ რომ ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება. დღემდე თითოეული ჩემი ნაბიჯი გამომდინარეობდა იმ პასუხისმგებლობიდან, რასაც არჩევანი მაკისრებდა - როდესაც ვიღებდი გადაწყვეტილებას, იქნებოდა ეს ოჯახის შექმნის, კარიერის არჩევისა და პოლიტიკაში წასვლის შესახებ, - ანუ მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით გავერთიანდით ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად. ჩვენი ბრძოლა 2012 წელს ჩვენი ხალხის გამარჯვებით დაგვირგვინდა. მე ნამდვილად მეამაყება, რომ წილად მხვდა პატივი, ამეღო უდიდესი პასუხისმგებლობა და ტვირთი ჩემი ქვეყნისა და ერის წინაშე, ჩვენს გუნდთან ერთად გამეგრძელებინა ქვეყნის საკეთილდღეოდ დაწყებული საქმე. ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდა მშვიდობა და სტაბილურობა, კანონიერება და ჰუმანურობა, ჩვენს მოქალაქეებს დავუბრუნეთ ყველაზე მთავარი- თავისუფლება და ღირსება. ასევე ჩვენს მიერ გატარებული მასშტაბური რეფორმებითა და უპრეცედენტო სამთავრობო პროგრამებით, ჩვენ შევქმენით მყარი საფუძვლები ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობისთვის. ჩვენ ასევე მივაღწიეთ ისტორიულ შედეგებს: გავაფორმეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და დავიწყეთ თავისუფალი ვაჭრობა . მივიღეთ თანხმობა ასევე უვიზო მიმოსვლაზე ჩვენი მოქალაქეებისთვის, რითაც უკვე შეუქცევადი გახდა ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში. დღეს, ისე როგორც არასდროს, ადამიანზე ორიენტირებული და პრაგმატული პოლიტიკით, ჩვენი ევროპული პერსპექტივით ყალიბდება რეალური საფუძველი ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის.

ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული ფუნქციის აღდგენაზე - საქართველო აქტიურად ჩაერთო აბრეშუმის გზის საერთაშორისო პროექტში და ხდება რეალურად დამაკავშირებელი ხიდი აზიასა და ევროპას შორის. მას შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადადგა, მე ვიტყოდი, უპრეცედენტო ნაბიჯი და მისი პოპულარობისა და პოლიტიკური გავლენის ზენიტში მყოფმა, მისივე გადაწყვეტილებით, დატოვა თანამდებობა, მან შექმნა მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა აკეთოს პოლიტიკოსმა ქვეყნისათვის სასარგებლო საქმე როგორც დროული მოსვლით, ისე დროული წასვლით თანამდებობიდან. გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის თანამდებობა, იქნებოდა ეს შინაგან საქმეთა მინისტრობა თუ პრემიერ მინისტრობა, ზოგადად ხელისუფლებაში ყოფნა, არასოდეს ყოფილა ჩემი თვითმიზანი. ჩემთვის ეს არის საშუალება იმისა, რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ჩვენს ძვირფას ხალხს. ეს არის ჩემი პოლიტიკური მრწამსი. ასეთი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება დაიწყო სწორედ ჩვენმა გუნდმა. ვინაიდან ჩვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა დემოკრატია გვაქვს, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა მაგალითს დავუტოვებთ ჩვენს შვილებს რა მაგალითს მივცემთ ჩვენს მომავალ თაობას. თანამდებობები არის დროებით, მარადიული არის უფალი და სამშობლო. ამიტომ, დღეს მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ახლა, როცა გამყარებულია ჩვენი ქვეყნის განვითარების საშინაო და საგარეო მიმართულებები, მინდა ვუსურვო წარმატება მომავალ ჩვენს მომავალ პრემიერ-მინისტრს. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ჩვენ ძვირფას ხალხს! მე მადლობას ვუხდი ჩემს ერთგულ თანამებრძოლებს თანამშრომლობისა და თანადგომისთვის, ყველას, ვინც ჩემთან ერთად ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა! მე მინდა ასევე განსაკუთრებულ მადლობა გადავუხადო ჩემს მეუღლეს - ნუნუკას, ასევე ჩემს შვილებს- ნიკოლოზს, ანდრეას და გაბრიელს.  ნუნუკას თანადგომის გარეშე მე ნამდვილად ვერ შევძლებდი ასეთი შემართებით მეკეთებინა ყველაზე ძვირფასი საქმე - ჩემი ხალხისა და ქვეყნის სამსახური! ჩემი ოცნება არის, იყო და ყოველთვის იქნება ძლიერი და ერთიანი საქართველო, ძლიერი, ეკონომიკურად წელში გამართული ქართველი ხალხი.ამიტომ, მე დღეს ვტოვებ ამ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცად! ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოსა და ჩვენი ძლიერი, ამაყი ქართველი ერის მფარველი!