საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

საზეიმო ლიტურგია სამების ტაძარში ამოსაბეჭდი ვერსია

2015-12-25

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით გამართულ სადღესასწაულო ლიტურგიას დაესწრო.

უწმინდესისა და უნეტარესის თქმით, უფალს ძალიან უყვარს საქართველო და მისი შეწევნით 38 წლის მანძილზე ბევრი რამ გაკეთდა.

"მე ვმადლობ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. ამ წლების მანძილზე მე მუდამ ვგრძნობდი უფლის სიახლოვეს, რომელსაც უჭირავს ჩემი ხელი და მატარებს ურთულეს გზებზე. უფალს ძალიან უყვარს საქართველო და მთელი მსოფლიო, ძალიან ხშირად გვიგზავნის განსაცდელებს, მაგრამ არასდროს არ გვშორდება. წყალობა უფლისა და მადლი ღვთისა გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა", - განაცხადა ილია მეორემ ქადაგების დროს.

სამების საკათედრო ტაძარში, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, იმყოფებოდნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე, ასევე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი. საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქმა ისინი ამბიონზე მიიწვია და დალოცა.

დღეს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ინტრონიზაციის 38-ე წელი შესრულდა. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.