საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-12-28

ეკონომიკურ განვითარებაში გარღვევის მიღწევა, ეკონომიკური ზრდის ტემპის მაქსიმალური დაჩქარება, სოციალური ვალდებულებების უფრო ქმედითი აღსრულება, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და განათლებისთვის ეფექტური საფუძვლების შექმნა, - ახალი სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას ისაუბრა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, გაგრძელდება მეწარმეობის განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობა, ამ მიმართულებით არსებული პროგრამები და გარკვეული კომპონენტები დაემატება.

„ეს იქნება დამწყები ბიზნესმენებისთვის დაფინანსების ეფექტიანი მექანიზმების შექმნა, რათა ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ ინოვაციური იდეები, მივცეთ საშუალება, განახორციელონ გეგმები, რათა მეწამრობის სულისკვეთებამ მოიცვას სრულიად ქვეყანა. სახელმწიფო პროგრამას - „აწარმოე საქართველოში" და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამებს დაემატა ახალი კომპონენტები და მოხდება მათი მუდმივი ადაპტირება კერძო სექტორის რეალურ მოთხოვნებთან", - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, უდიდესი ყურადღება დაეთმობა უმნიშვნელოვანეს, წამყვან ინდუსტრიებს, ასევე, სერვისის ინდუსტრიის განვითარებას.
საქართველოში, ტურიზმის განვითარების პროგრამის დასახვეწად, მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო კომპანიების მოწვევა იგეგმება, რათა აღმოსავლეთ ევროპის წარმატებული ქვეყნების მაგალითები განმეორდეს.

„უზრუნველყოფილი იქნება მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა ტურიზმის განვითარებაში, გვექნება დამატებითი დაფინანსება, ახალი კომპონენტები და მთავრობის მხრიდან ამ მიმართულებით დიდი ძალისხმევა დაიხარჯება. ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა ენერგეტიკის, ტრანსპორტის კომუნიკაციების სფეროებს, ლოგისტიკას და აბრეშმის გზის პოტენციალის სრულად ათვისებას. საქართველომ უნდა განიმტკიცოს ევროპული ქვეყნის იმიჯი და გახდეს ევროპისა და აზიის ჭეშმარიტი დამაკავშირებელი რგოლი. ამ ფუნქციის რეალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განმარტებით, მნიშვნელოვანი ინიციატივები არსებობს ფისკალური პოლიტიკის მიმართულებითაც, რაც ბიზნესზე ადმინისტრაციული წნეხის მინიმიზაციას და ადმინისტრირების წესის გაუმჯობესებას გულისხმობს.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობის პრიორიტეტებად რჩება კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების განუხრელი დაცვა და მართლწესრიგის განმტკიცება.

საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას, პრემიერობის კანდიდატმა, მინისტრობის კანდიდატების სახელით, პარლამენტთან მაქსიმალური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა, რათა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მეტი ჩართულობით იყოს მიღებული.