საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოში უნდა იყოს ერთი პარტია, რომელსაც ჰქვია ჩვენი სამშობლო და ყველანი უნდა ვიყოთ მისი წევრები ამოსაბეჭდი ვერსია

2015-12-30

ჩვენ პატარა ქვეყანა და საზოგადოება ვართ, არ უნდა დავუშვათ, რომ დავიხლიჩოთ და დავხარჯოთ ენერგია, რომ ვუმტკიცოთ ერთმანეთს, ვინ უკეთესი ვართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს, წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ იგი გუნდთან ერთად განაგრძობს კარგი საქმეების კეთებას.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ასევე მადლიერება გამოხატა იმ პოლიტიკური გუნდისადმი, რომელმაც მისი კანდიდატურა დაასახელა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ოპონენტებს და განსაკუთრებით მათ, ვინც ადვილად აუღო ალღო ახალ პოლიტიკურ რეალობას და გაწვდილი ხელი ჰაერში არ დატოვა. იმედი მაქვს, დანარჩენებიც დროთა განმავლობაში მოახდენენ ადაპტირებას ახალ პოლიტიკურ რეალობასთან. ერთადერთი სურვილი და მოლოდინი, რომელიც გამაჩნია, არის ის, რომ იმ წუთიდანვე, როგორც დამთავრდება კენჭისყრა, ჩვენს გუნდს მიეცეს საშუალება, დაიწყოს იმ პროექტების აღსრულება, რომლებზეც ორი დღის განმავლობაში ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, იქნება ბევრი პოლემიკა, მაგრამ იმედი მაქვს აღარ იქნება ისტერიკა და ქვეყნისთვის საჭირო ყველა გადაწყვეტილების კონსტრუქციული განხილვა შედგება. მინდა დაგიდასტუროთ სურვილი, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ადამიანებმა იცხოვრონ მშვიდად", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რეალობა, რომ ადამიანები მშვიდად ცხოვრობენ, მათ აღარ ეშინიათ ხელისუფლების, ავად გახდომის, აქვთ შესაძლებლობა, მისცენ უკეთესი განათლება შვილებს, სოფლიდან აღარ იხიზნებიან ქალაქებში, კიდევ უფრო უნდა გამყარდეს; ასევე, უნდა შეიქმნას უკეთესი პირობები ყველა მოქალაქისთვის, რათა მათ ჰქონდეთ უკეთესი მომავლის იმედი.
„საქართველოში უნდა იყოს ერთი პარტია, რომელსაც ჰქვია ჩვენი სამშობლო და ყველანი უნდა ვიყოთ მისი წევრები. დიდი სურვილი მაქვს, ავაშენოთ ასეთი ქვეყანა და ყველა ადამიანს, ვისაც სურვილი ექნება, ამ პარტიაში, ამ სახლში შეიტანოს სითბო და შუქი, მიეცეს ამის საშუალება", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური