საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2015 წლის ვიზიტები და შეხვედრები

პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი სლოვაკეთში ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-14

13-14 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს სპიკერს, პეტერ პელეგრინს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველო-სლოვაკეთის თანამშრომლობისა და ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგის მთავარი საკითხები განიხილეს. მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში ორი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. ყურადღება გამახვილდა პარლამენტთა შორის ურთიერთობებზე, სხვადასხვა სტრუქტურებს შორის სექტორული თანამშრომლობის განვითარებისა და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების ლიბერალიზაციის პროცესებს. აღინიშნა, რომ უვიზო რეჟიმის შემოღება იქნება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ევროპული არჩევნის მხარდაჭერის ნათელი დემონსტრირება და საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგი.

მხარეებმა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ითქვა, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკა აქტიურადაა ჩართული „ვიშეგრადის ოთხეულის" ფორმატში მუშაობის პროცესში, რომლის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პეტერ პელეგრინს, სლოვაკეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული არჩევანის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიალით დაიწყო საქართველოს პრემიერ- მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სტუმრობა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს რეზიდენციაში. მაღალი რანგის სტუმარს საპატიო ყარაული შეეგება, შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნი. ცერემონიის დასრულების შემდეგ მხარეებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს და ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების მნიშვნელობაზე. აღინიშნა ამ მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა და გამოითქვა რესურსების ამოქმედებისა და თანამშრომლობის სრული პოტენციალის გამოყენების იმედი.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესები იყო. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დასაფასებელია სლოვაკეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს ევროპული არჩევნის ურყევი მხარდაჭერა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის პირადი წვლილი პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გზით ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებაში.

რობერტ ფიცომ კიდევ ერთხელ დაადასტურა სლოვაკეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი და ხაზი გაუსვა ვიზების ლიბერალიზაციის დიალოგის დროული დასრულების მნიშვნელობას.

მხარეებმა ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების თემებზე. ორი ქვეყნის ლიდერებმა ისაუბრეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმის,მნიშვნელობასა და მისი მანდატის შენარჩუნების აუცილებლობაზე.

რობერტ ფიცომ, სლოვაკეთის მთავრობის სახელით, საქართველოს ტერიტორიულიმთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა გამოხატა. პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრების შემდეგ, საქართველოს და სლოვაკეთის მთავრობის მეთაურებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც შეხვედრის შედეგები შეაჯამეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

ორმხრივი ურთიერთობები, ევროინტეგრაციის დღის წესრიგი, ვიზალიბერალიზაციის პროცესი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მიღწეული პროგრესი - ეს ის მთავარი თემებია,რომლებზეც ორი ქვეყნის ლიდერებმა ისაუბრეს. რობერტ ფიცოს განმარტებით, საქართველოსა და სლოვაკეთს საერთო ევროპული, დემოკრატიული ღირებულებები და ტრადიციული კავშირები გააჩნიათ.

"კარგი იქნება, რომ ჩვენ პოლიტიკოსებმა უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი, ჩვენ ბევრი რამ გვაკავშირებს ამავე დროს ჯერ გაგვაჩნია გამოუყენებელი პოტენციალი. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ განვახორციელებთ ზეწოლას მინისტრთა კაბინეტზე, რათა კიდევ უფრო გააქტიურდეს ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით,"-აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერმა.
მისივე თქმით, სლოვაკეთის საელჩოს გახსნამ დიდი როლი ითამაშა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში და ამასთან არსებობს პირდაპირი ავიარეისების გახსნის შესაძლებლობა, რომელიც ორიქვეყნის დაახლოების პროცესს შეუწყობს ხელს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა სლოვაკ კოლეგას გულთბილი მასპინძლობისთვის და საქართველოს ევროპულ მომავალზე ისაუბრა.

"მე პირველად ვარ თქვენს მშვენიერ ქვეყანაში, აღფრთოვანებული ვარ სლოვაკეთის სილამაზით. პრემიერისგან გავიგე, რომ იგი 1979 წელს საქართველოს, სოხუმს სტუმრობდა. ჩვენ, საქართველო-სლოვაკეთს ბევრი საერთო გააჩნია, რაც გვაკავშირებს და გვამეგობრებს. სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ გვაქვს თანამშრომლობის გაღრმავების საშუალება, და ამასთან არ არსებობს არანაირი დაბრკოლება ამ ურთიერთობის განვითარებისათვის. ჩვენ ქართველები აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი მომავალი ევროპაშია. საქართველოს ევროპული მომავალი ეს არის ხალხის არჩევანი და ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ პატივი სცეს ხალხის არჩევანს და განვახორციელოთ იგი. ჩვენ მზად ვართ გავიაროთ ის გზა, რომელსაც მივყავართ ევროპისკენ," - განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ვიზების ლიბერალიზაცია არის ევროინტეგრაციის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ელემენტი და უვიზო რეჟიმის შემოღება იქნება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ევროპული არჩევნის მხარდაჭერის ნათელი დემონსტრირება. რობერტ ფიცომ ფილმი "რაჭა ჩემი სიყვარული" გაიხსენა, როგორც სლოვაკებისა და ქართველების მეგობრობის სიმბოლო.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფოტოალბომი