საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2015 წლის სხდომები

2015 წლის 29 იანვრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-01-29

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, 29 იანვარს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 36 საკითხი განიხილეს, გადაიდო 1 საკითხი, დაემატა 12 საკითხი, დამტკიცდა 47 საკითხი.

მთავრობის სხდომის გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა „საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონში. კანონპროექტის მიზანია ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით, ტესტირების ეტაპობრივი მიახლოება ევროპულ სტანდარტებთან. კანონპროექტის თანახმად, 2017 წლის 31 დეკემბრამდე ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით, გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას დაექვემდებარება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული: ა) ტვირთების გადასაზიდად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სრული მასა აღემატება 3500 კგ-ს. და ბ) მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება. ამასთან, 2017 წლის 31 დეკემბრამდე მსუბუქი ავტომობილებისთვის პერიოდული ტესტირების გავლა ნებაყოფლობითია.

მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სამოქმედო გეგმის" დამტკიცების შესახებ. პროექტი მომზადდა გაეროს ბავშვთა ფონდთან და გაეროს მოსახლეობის ფონდთან პარტნიორობით და მისი კონცეფტუალური ნაწილის შემუშავებაში აქტიურად იყვნენ ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტები. გეგმა მოიცავს 200-მდე პროექტს, რომლებიც უნდა განხორციელდეს 2015-20 წლებში. პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას, რადგან პროექტით გათვალისწინებულ სამოქმედო გეგმაში მითითებული ღონისძიებები განხორციელდება ამ გეგმაში მითითებული უწყებების საბიუჯეტო ასიგნებებისა და დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი თანხების ფარგლებში.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე დამტკიცდა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის ზოგადი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ". პროექტის მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვასთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას, დევნილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური