საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2015 წლის სხდომები

2015 წლის 16 ივლისის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-16

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 26 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

დღეს, მთავრობის სხდომაზე „ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებზე ინფორმაციისა და კომუნიკაციის" სამოქმედო გეგმა დამტკიცდა. საქართველოს მიერ ,,სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის" (VLAP) განხორციელების შესახებ 2015 წლის 8 მაისს გამოქვეყნებული ევროკავშირის მესამე ანგარიშის თანახმად, მნიშვნელოვანია რეგიონულ, ადგილობრივ და ყველა დონეზე საინფორმაციო კამპანიების გამართვა მომავალი უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებისათვის მათი უფლებებისა და მოვალეობების გასაცნობად. აღნიშნული რეკომენდაციის განსახორციელებლად, საქართველოს მთავრობამ 2014-2017 წლებისთვის ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიის ფარგლებში შეიმუშავა აღნიშნული გეგმა. სამოქმედო გეგმა გაწერილია 2015 წლის ივლისი-დეკემბრის პერიოდზე და ითვალისწინებს ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა: შეხვედრები მოსახლეობასთან, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში; თემატური სემინარები/ტრენინგები ცენტრალური და რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისათვის; თემატური სემინარები/ტრენინგები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის; საინფორმაციო კამპანია. სამოქმედო გეგმაში დეტალურად არის განსაზღვრული განსახორციელებელი ღონისძიებები, მიზნობრივი ჯგუფები, პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები, დაფინანსების წყაროები და ღონისძიების ჩატარების კონკრეტული ვადები.

მთავრობის წევრებმა მოიწონეს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,ბავშვთა მკურნალობის აქციის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" - გერმანული საქველმოქმედო ორგანიზაციის დაფინანსებით, საქართველოდან სამკურნალოდ მიემგზავრება 8 (ბავშვი) პაციენტი და ასევე, 62 ბავშვისთვის ჩამოაქვთ მედიკამენტები და სამედიცინო მოხმარების საგნები. გერმანული მხარე, თავის თავზე იღებს ყველა ხარჯს, გარდა ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავის მომსახურებისათვის საჭირო ხარჯებისა (მათ შორის, საჰაერო ხომალდის აფრენა-დაფრენის, სანავიგაციო, სახმელეთო-სააეროპორტო მომსახურების და საავიაციო უშიშროების მომსახურების საფასური). შესაბამისად, აქციის შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს ამ ხარჯების ანაზღაურებას.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე დამტკიცდა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,რეგიონული განვითარების სტრატეგიების სამოქმედო გეგმების შემუშავების სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ". სახელმძღვანელოს მომზადების მიზანია საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, კერძოდ სამოქმედო გეგმების შემუშავებისათვის, სახელმძღვანელო დოკუმენტის შექმნა, რომელიც ხელს შეუწობს სამხარეო საკონსულტაციო საბჭოების საქმიანობას, კერძოდ, მათ მიერ სამოქმედო გეგმების მოწონების პროცედურას, რომელშიც ასახული იქნება, კონკრეტული რეგიონის განვითარებისათვის აუცილებელი პროექტები.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური