საქართველოში იწყება საჯარო მმართველობის რეფორმის სრულ მასშტაბიანი განხორციელება - იხილეთ ვრცლად ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-01

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივითა და კოორდინაციით და სამინისტროების ჩართულობით, პირველად საქართველოში იწყება საჯარო მმართველობის რეფორმის სრულ მასშტაბიანი განხორციელება.

უახლოეს მომავალში საჯარო განხილვების შემდგომ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია დაასრულებს მუშაობას ორ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტზე - „საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევი" და „პოლიტიკის დაგეგმვის სისტემის რეფორმის სტრატეგია".

ორივე დოკუმენტის შემუშავების მიზანია საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო მმართველობის სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რაც გათვალისწინებულია როგორც სამთავრობო პროგრამით, ასევე, ასოცირების შესახებ შეთანხმებით. რეფორმები მოიცავს შემდეგ სფეროებს: პოლიტიკის დაგეგმვის სისტემა, საჯარო სამსახური და ადამიანური რესურსების მართვა, ანგარიშვალდებულება, სახელმწიფო სერვისები, საჯარო ფინანსების მართვა და ადგილობრივი თვითმმართველობა.

სამუშაო დოკუმენტების გამოქვეყნების მიზანია, ფართო საზოგადოებას მიეცეს თანამონაწილეობის საშუალება და მათი მოსაზრებები აისახოს ქვეყნისათვის მეტად მნიშვნელოვანი პოლიტიკის დოკუმენტებში.
დაინტერესებულ მხარეებს შენიშვნებისა და რეკომენდაციების მოწოდება შეუძლიათ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: govplan@geo.gov.ge მიმდინარე წლის 10 ივნისამდე.