საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის განხორციელება დაიწყო ამოსაბეჭდი ვერსია

2016-05-23

ეპოქალური მნიშვნელობის პროექტი, რომელიც დიდ სიკეთეს მოუტანს, როგორც საქართველოს, ისე მთელ რეგიონს, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტი, რომლის განხორციელება დღეს დაიწყო.

რამდენიმე ასეული მილიონი ევროს ღირებულების პროექტს, რომლის მშენებლობას პრემიერმა საფუძველი მსოფლიოს ცნობილ მეცნიერებთან ერთად ჩაუყარა, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ" აფინანსებს.

გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთი საშვილიშვილო საქმის წამოწყებისთვის, ასევე სახელოვან მეცნიერებს, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ.

„დარწმუნებული ვარ, ეს ინსტიტუტი გახდება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი რეგიონში. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, ამ პროექტის ყველაზე მთავარი კომპონენტის - ნაწილაკთა ამაჩქარებლის მშენებლობის მნიშვნელობა. ფართო წრეებში „კოლაიდერად" ცნობილი ნაწილაკების ამაჩქარებლის კომპლექსის მეშვეობით ქართველ მეცნიერებს და მეცნიერთა ახალ თაობებს შეეძლებათ უმნიშვნელოვანესი კვლევების ჩატარება, მათ შორის მედიცინის, კერძოდ კი, ონკოლოგიის „ადრონული თერაპიის" მიმართულებით. ამ მხრივ ჩვენი ტექნოლოგიური ინსტიტუტი იქნება მსოფლიოში მეხუთე - იტალიის, შვეიცარიის, იაპონიისა და ავსტრიის შემდეგ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობამ ექსპერიმენტული კვლევითი ბაზის მშენებლობისა და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში გამოცდილების გაზიარების მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა მსოფლიოში წამყვან ისეთ ცენტრებთან, როგორიც არის CERN (ბირთვულ კვლევათა ევროპული ცენტრი), CNAO (ადრონული თერაპიის ეროვნული ცენტრი), INFN (იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტი) და სხვა, რომლებთან ერთად აღნიშნული პროექტი ხორციელდება.

პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ თანამშრომლობა გამორჩეულად სასარგებლო და ნაყოფიერი იქნება.

„ნაწილაკების ამაჩქარებლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ამ ინსტიტუტს ექნება მსოფლიო დონის მასშტაბური კვლევითი ცენტრის დანიშნულება. იგი იმუშავებს ადრონული თერაპიის მიმართულებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მსოფლიოში სიმსივნის მკურნალობის ეს უახლესი მეთოდი წარმატებით დაინერგება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი მიზანია, ეს ინსტიტუტი გახდეს წამყვანი უმაღლესი კვალიფიკაციის მეცნიერების თავშეყრის ადგილი. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნის კვლევითი პოტენციალის განვითარებისა და ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო დონის ასამაღლებლად. აქ განხორციელდება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, სამეცნიერო კვლევები ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით; აქ იქნება უნიკალური ექსპერიმენტული ბაზა თანამედროვე კვლევებისათვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სტუდენტებს საშუალება ექნებათ, აქტიურად ჩაერთონ მსოფლიო სამეცნიერო კვლევებში. მათ სწავლას და პარტნიორ ორგანიზაციებში მივლინებებს მთლიანად ფონდი „ქართუ" დააფინანსებს, რაც, პრემიერის შეფასებით, უდიდესი და უპრეცედენტო მხარდაჭერაა.

ამასთან, ინსტიტუტის სტუდენტები თვითონ მიიღებენ მონაწილეობას ექსპერიმენტული ბაზის მშენებლობასა და მის ექსპლუატაციაში გაშვებაში, რაც მათ დამატებით გამოცდილებას შესძენს.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან მალე დავამტკიცებთ, რომ შეგვიძლია წვლილის შეტანა მეცნიერების და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების საქმეში. ჩვენ ვიწყებთ იშვიათი, ძვირადღირებული, ძალიან პერსპექტიული პროექტის განხორციელებას, რაც დიდ სიკეთეს მოუტანს როგორც ჩვენს ხალხს, ისე მთელ რეგიონს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაციას საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს" დამფუძნებელი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, ცნობილი ქართველი და უცხოელი მეცნიერები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის დაარსების მიზანია ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი კომპლექსის შექმნა და სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განხორციელება ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით. საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის დაარსებით, შეიქმნება ბაზა თანამედროვე სამეცნიერო-ექსპერიმენტული კვლევებისთვის, რომელიც აუცილებელია ქვეყნის კვლევითი პოტენციალის განვითარებისთვის. გარდა სამეცნიერო დანიშნულებისა, ინსტიტუტს ასევე ექნება გამოყენებითი დატვირთვა, მათ შორის სიმსივნის ადრონული თერაპია. რეგიონში პირველი სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის შექმნა ხელს შეუწყობს მეცნიერთა თაობის განვითარებას, მათ თანამშრომლობას მსოფლიო დონის უნივერსიტეტების წამყვან პროფესორებსა და მკვლევარებთან.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური