საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

„დროის კაფსულის“ ჩადების საზეიმო ცერემონია ამოსაბეჭდი ვერსია

2016-05-26

როგორი არის საქართველო 2016 წელს და როგორი წარმოგვიდგენია ის მომავალში - საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეების გზავნილები მომავალში, ე.წ. დროის კაფსულა დღეს საზეიმო ვითარებაში ჩაიდო და იგი 2041 წლის 26 მაისს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 50 წლისთავზე გაიხსნება.

„დროის კაფსულის" ჩადების ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მეუღლესთან და შვილთან ერთად, მიიღო მონაწილეობა . მან მყარ დისკზე ჩაწერილი ყველა გზავნილი (ფოტო, ვიდეო, წერილები) კაფსულაში მოათავსა და იმედი გამოთქვა, რომ 25 წლის შემდეგ, მომავალი თაობები გახსნიან მას და ნახავენ, თუ რა სურვილები ამოძრავებდათ ახალგაზრდებს 2016 წლის საქართველოში.

„დღეს ჩვენ ახალი საფიქრალი, ახალი ნატვრა და მომავლის ახალი ხედვა გვაქვს. მადლობა ყველა იმ ახალგაზრდას, რომლებმაც საქართველოს მომავლის საკუთარი ხედვა დაწერეს. ეს არის მრავალფეროვანი გზავნილები: ნატვრები, სურვილები, ოცნებები, სასიყვარულო წერილები. ჩვენ შევაგროვეთ ყველა ეს სურვილი და მათ შევინახავთ 25 წლით. 25 წლის შემდეგ მომავალი თაობები გახსნიან კაფსულას და ჩვენ ვნახავთ, რამდენად სწორად ვიარეთ, რამდენად ავასრულეთ ჩვენი ახალგაზრდების ნატვრა, რამდენად ემთხვევა ჩვენს მიერ განვითარებული საქართველო იმ ხედვას, რომელიც ამ ბავშვებმა წარმოადგინეს. მჯერა, რომ 25 წლის შემდეგ წელმაგარი საქართველოს შვილები გახსნიან ამ ყუთს და ნახავენ თუ რას ნატრობდნენ ახალგაზრდები საქართველოში 25 წლის წინ," - განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ მიულოცა დამოუკიდებლობის დღე საქართველოს მოსახლეობას და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს. მისი შეფასებით, საქართველომ, მიუხედავად სირთულეებისა, ღირსეულად გაიარა დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წელი და დღეს საზოგადოება მკაფიო მიზნების გარშემო უნდა გაერთიანდეს.

„ეს იყო წარმატების, მარცხის, სამოქალაქო ომის, იყო ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაც, მაგრამ საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ ღირსეულად გაიარა ეს 25 წელი. ჩვენ ავაშენეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენ გვაქვს ის მკაფიო მიზნები, რომლის გარშემოც მთელი ერი უნდა გაერთიანდეს. თავი უნდა დავანებოთ ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენებას, უნდა გავერთიანდეთ, განვიმსჭვალოთ მთელი ერის სიყვარულით და ერთად ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და ერთადერთი რაც გადაგვარჩენს, იქნება ერთიანობა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„დროის კაფსულის" ჩადების ცერემონიას შიდა ქართლის რეგიონში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური