საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი დიასპორული პროფესიული ფორუმის შესახებ ამოსაბეჭდი ვერსია

2016-05-27

ლევილი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ მსოფლიო მასშტაბით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა მნიშვნელოვანი და სიმბოლური უწოდა 26 მაისს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელმძღვანელთა შთამომავლებთან ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის წინასწარ განზრახულებათა დოკუმენტის ხელმოწერის ფაქტს.

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პირველ რიგში, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ცხოვრობენ საფრანგეთში და რომლებმაც გამოხატეს კეთილი ნება. მინდა, მადლობა გადავუხადო დიასპორის მინისტრს, იუსტიციის მინისტრს ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის. მათ ძალიან დიდი შრომა გასწიეს იმისათვის, რომ ეს შედეგი მიღწეული ყოფილიყო. ლევილი იქნება ქართული კულტურის კერა საფრანგეთში და სახელმწიფო იზრუნებს ამ კულტურის კერის განვითარებისთვის,“ - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა მეორე დიასპორული პროფესიული ფორუმის - ”გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს’’ მნიშვნელობაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ფორუმი ხელს შეუწყობს ქართული დიასპორის ჩართულობას ქვეყნის განვითარების საქმეში.

„დღეს ტარდება დიასპორის მეორე, ყოველწლიური ფორუმი - „გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს“. ეს არის ძალან კარგი ინიციატივა, რომელიც ქმნის საშუალებას და პლატფორმას, რომლის საფუძველზეც უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი დიასპორის ჩართულობა ქვეყნის განვითარების საქმეში, მოხდება გამოცდილების გაზიარება და მთავრობის წევრების მხრიდან დიასპორას მიეწოდება ინფორმაცია საქართველოში არსებული შესაძლებლობების თაობაზე, თუ რა შესაძლებლობები არსებობს, რომ ჩვენი მოქალაქეები დავაბრუნოთ ქვეყანაში. მათთვის კი, ვინც გადაწყვეტს უცხოეთში ცხოვრებას, უნდა შევქმნათ კომუნიკაციის საშუალება, რათა მათი ჩართულობა ქვეყნის განვითარების საქმეში იყოს ძალიან მაღალი. ვფიქრობ, ეს ძალიან მისასალმებელია”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური