საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ევროპარლამენტის პრეზიდენტის ერთობლივი განცხადებები ამოსაბეჭდი ვერსია

2016-11-30

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და ევროპარლამენტის პრეზიდენტის მარტინ შულცის ერთობლივი განცხადებები მედიისთვის

მარტინ შულცი (Martin Schulz), ევროპარლამენტის პრეზიდენტი:

,,დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან შინაარსიანი და საინტერესო შეხვედრა, პირველი შეხვედრა პირისპირ, რადგანაც მანამდე გვქონდა ძალიან ინტენსიური სატელეფონო კომუნიკაცია. ვულოცავ პრემიერ-მინისტრს არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას, მართლაც ღირსშესანიშნავი შედეგებით. ვისურვებდი, რომ მეც მქონდეს ასეთი შედეგები არჩევნებში. ასე რომ, გილოცავთ!

ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც ჩემი კოლეგებით იყო დაკომპლექტებული, მაღალი შეფასება მისცა საარჩევნო პროცესს თქვენს ქვეყანაში.

შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების საკითხები, ასევე საქართველოში მიმდინარე მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. გარდა ამისა, განვიხილეთ ქვეყნის ურთიერთობები რეგიონალურ მეზობლებთან და გეოსტრატეგიული მოვლენები. დეტალურად განვიხილეთ ვიზების ლიბერალიზაციის საკითხი და მიმდინარე მოლაპარაკებები მინისტრთა საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის. პრემიერ-მინისტრთან საუბარში მე გამოვხატე ჩემი ოპტიმიზმი, რომ მომდევნო დღეებში საბჭო და პარლამენტი მიაღწევენ კომპრომისულ შეთანხმებას, განსაკუთრებით უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ვაძლევ პრემიერ-მინისტრს გარანტიას: ჩვენ, როგორც ევროპული ინსტიტუტი, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს პრინციპი მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება. ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ ევროპარლამენტის უპირობო მხარდაჭერის იმედი ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ საკითხში. ჩვენი შეხვედრა გაიმართა ძალიან მეგობრულ გარემოში. ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენი პირველი შეხვედრის ფარგლებში ჩვენ გვქონდა ძალიან ღია და გულახდილი აზრთა გაცვლა."

გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი:

,,მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ შულცს ძალიან ღია და გულახდილი დიალოგისთვის და ვისარგებლო შემთხვევით ჩემი მადლიერების გამოსახატავად. აქვე მინდა, ხაზი გავუსვა პრეზიდენტ შულცის პირად წვლილს ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში. მინდა, მადლობა ვუთხრა ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნისთვის. ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის დასკვნის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და პლურალისტულ გარემოში. ამ არჩევნების შედეგად საქართველომ კიდევ ერთი გამოცდა ჩააბარა და დაამტკიცა, რომ ის ჩამოყალიბებული დემოკრატიაა.
ევროკავშირის უზარმაზარი მხარდაჭერის შედეგად, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციის, კანონის უზენაესობის და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების კუთხით. ჩვენს დღის წესრიგში, რომელიც 2017-2020 წლებს მოიცავს, კანონის უზენაესობის გაძლიერება და ინსტიტუციური სტანდარტების გაუმჯობესება მათი ევროკავშირის მოთხოვნებთან დაახლოების მიზნით ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.
ეს ძირითადი ღირებულებები უდევს საფუძვლად საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ, ძალიან ამბიციურ პარტნიორობას - სწორედ ამ მიზანს ვიცავთ და ვემსახურებით. ევროპარლამენტის შემდგომი ჩართულობა ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის პროცესში უმნიშვნელოვანესია რეფორმების წახალისებისთვის.

ამ თვალსაზრისით, მინდა გავუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია მნიშვნელობას და მადლობა მინდა გადავუხადო პრეზიდენტ შულცს ძალიან გულახდილი დიალოგისთვის.

ამ შედეგს (სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას) მოუთმენლად ელის საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, როგორც წარმოუდგენლად დიდი ტრანსფორმაციისა და წახალისების ეფექტის მქონე მოვლენას. ის საშუალებას მოგვცემს უფრო მოტივირებულად განვაგრძოთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის იმპლემენტაცია. იმედი გვაქვს, რომ შიდა პროცესები ბრიუსელში მალე მოიტანს სასურველ შედეგს და ქართველი მოსახლეობის მოლოდინი გამართლდება და მოქალაქეებისათვის ხელშესახები ბენეფიტი იქნება. ევროპარლამენტის აქტიურმა ჩართულობამ მნიშვნელოვნად გაზარდა ჩვენი მოტივაცია და იმედს ვიტოვებთ, რომ ევროპარლამენტი კვლავ განაგრძობს ჩვენს მხარდაჭერას და გადაწყვეტილების მიღების პროცესი მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულდება. უსაფრთხოება ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ჩვენ ვაფასებთ ევროპარლამენტის ხმამაღალ და გამბედავ განცხადებებს საქართველოს ტერიტორიის რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ამით გამოწვეული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების ირგვლივ.

დასკვნის სახით, მინდა, ევროპარლამენტს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ევროპული სულისკვეთების მხარდაჭერისთვის და ჩემი მადლიერება გამოვხატო პრეზიდენტ შულცის მიმართ საქართველოს ევროპული მომავლის მშენებლობაში შეტანილი პირადი წვლილისთვის."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური