საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

ერთობლივი პრესკონფერენცია ამოსაბეჭდი ვერსია

2016-12-02

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. მხარეებმა სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ ისაუბრეს. ფედერიკა მოგერინის თქმით, საქართველომ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში და სხვებთან ერთად, თავადაც მოუთმენლად ელოდება საბჭოსა და ევროპარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებას, რითიც დასრულდება ეს პროცესი და ქართველ ხალხს მიეცემა უვიზო მიმოსვლის საშუალება. "პრემიერ-მინისტრი და მე ვმუშაობთ ამ საკითხზე ევროკავშირში ჩვენს კოლეგებთან. საქართველომ არაჩვეულებრივად იმუშავა ყველა კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესზე ნეგატიურ გავლენას ვერაფერი მოახდენს. კონკრეტულ თარიღს ვერ დავასახელებ, რადგან ახლა პროცესის დასრულება ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ხელშია. საქმე ეხება არა გადაწყვეტილების მიღებას, არამედ პროცედურის დასრულებას. ეს არ ეხება პოლიტიკურ ნებას ან საქართველოს, ეს ეხება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული აუცილებელი პროცედურის დასრულებას ევროკავშირში.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს მალე მოხდება. მე პროცესის დაწყებისთანავე ვიყავი ოპტიმისტურად განწყობილი და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ დარჩენილია ბოლო ნაბიჯი", - აღნიშნა ფედერიკა მოგერინიმ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განსაკუთრებით სასიამოვო ფაქტი უწოდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ბრიუსელში განხორციელებულ პირველ ვიზიტს. "განსაკუთრებით სასიამოვნოა ის გარემოება, რომ ეს ვიზიტი პირველია თქვენთვის მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩატარდა არჩევნები და თქვენ მოახდინეთ მთავრობის ფორმირება. ნება მომეცით, აღვნიშნო, რომ ეს სიმბოლური და მაღალი პოლიტიკური დატვირთვის მქონე ჟესტი - კერძოდ ის ფაქტი, რომ მთავრობის ფორმირების შემდეგ სწორედ ბრიუსელი შეირჩა თქვენი პირველი ვიზიტის ადგილად, ნამდვილად მიუთითებს თქვენს დამოკიდებულებაზე და მერწმუნეთ, ჩვენც ვიზიარებთ ამ სერიოზულ დამოკიდებულებასა და თავდადებას ჩვენი პარტნიორობის, მეგობრობისა და ერთობლივი სამუშაოს მიმართ. ჩვენი ურთიერთობა ძლიერია, ხოლო პარტნიორობა - შესანიშნავი. ასოცირების საბჭოს შეხვედრის დროს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, დეტალურად განგვეხილა ასოცირების შესახებ შეთანხმების კუთხით მიღწეული პროგრესი.

სულ რაღაც ხუთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ივლისში ასოცირების ხელშეკრულება ძალაში შევიდა. ჩვენ განვიხილეთ უზარმაზარი პროგრესი, რომელიც ამ თვალსაზრისით მიღწეულ იქნა პოლიტიკური, ეკონომიკური, ვაჭრობის სფეროებსა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის კუთხით. აღსანიშნავია, რომ ჩვენ შესანიშნავად ვთანამშრომლობთ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ნათელია, რომ ჩვენ ვიზიარებთ ერთიან ღირებულებებს, გვამოძრავებს ერთიანი დღის წესრიგი და ინტერესები, ისევე, როგორც ვალდებულებები, რომელთა მიზანი ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებაა მომავალში. ორივე მხარე ერთნაირადაა მოწადინებული, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას," - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ. მისი თქმით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური დღის წესრიგი, რომელიც ევროკავშირის სრული მხარდაჭერით სარგებლობს. "შეხვედრისას განვიხილეთ, თუმცა საჯაროდაც უნდა აღინიშნოს ის პროგრესი, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შედეგად იქნა მიღწეული. პოზიტიური ტენდენცია ევროკავშირსა და საქართველოში თანაბრად შეინიშნება. ეს ნამდვილად წარმატების ისტორიაა ევროკავშირის მოსახლეობისა და ქართველი ხალხისათვის. მინდა მივულოცო ჩვენ ყველას ეს მიღწევა - ეს მხოლოდ დასაწყისია - დროთა განმავლობაში ჩვენი ხალხისა და ბიზნესისათვის კიდევ უფრო მეტი წარმატების მიღწევა იქნება შესაძლებელი. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინისტრებო, მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობის შემდეგ შესაძლებლობას, რათა ეს პროგრესი კიდევ უფრო წინ წავიდეს. დიდი მადლობა ასოცირების საბჭოს შესანიშნავი შეხვედრისათვის და მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობის შემდეგ შესაძლებლობას," - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ფედერიკა მოგერინიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის, მშვიდობის, სტაბილურობისა და კონფლიქტის მოგვარების მიზნისადმი. მისი თქმით, ევროკავშირმა მოიწვია სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც ამ საკითხებზე ყოველდღიურად მუშაობს, ასევე ჩართულია ევროკავშირის მონიტორინგის მისია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გულთბილი მასპინძლობისთის მადლობა გადაუხადა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინის. მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ფაქტი, რომ მთავრობის დამტკიცების შემდეგ პირველი ვიზიტი ბრიუსელში განხორციელდა, არის ევროპული მისწრაფებების ნათელი დემონსტრირება. "საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ევროკავშირთან ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია, რაც მიიღწევა ასოცირების ხელშეკრულების სრულად განხორციელების გზით, რომელიც ძალაში შევიდა ამა წლის ივლისში. ასოცირების საბჭოს დღევანდელი სხდომა არის ამ ისტორიული მნიშვნელობის მოვლენის შემდეგ ასეთი მაღალი დონის პირველი ინსტიტუციური შეხვედრა. ჩვენ მივესალმებით საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პირველი ანგარიშის გამოქვეყნებას, რომელშიც ასახულია ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებთან ყოვლისმომცველ დაახლოებას მოაქვს ხელშესახები შედეგები ჩვენი მოქალაქეებისთვის - ვაჭრობა ევროკავშირთან იზრდება და სულ უფრო მეტი ქართული პროდუქტი გადის ევროკავშირის ბაზარზე, ბიზნესკავშირები ღრმავდება, სულ უფრო მეტი ევროპული კომპანია ახორციელებს ინვესტიციებს საქართველოში, ასევე იზრდება ევროპული განათლების მიღების მსურველ ქართველ სტუდენტთა რიცხვიც და ჩვენი კავშირები ევროკავშირის განათლების სექტორთან დღითიდღე მტკიცდება," - აღნიშნა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, გაგრძელდება რეფორმები დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შემდგომი კონსოლიდაციის, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, რათა შეიქმნას კიდევ უფრო ძლიერი და ანგარიშვალდებული ინსტიტუტები, მიღწეულ იქნას ეკონომიკური ზრდა და მოდერნიზაცია, ხელი შეეწყოს ინვესტიციებსა და სამუშაო ადგილების შექმნას და გაფართოვდეს საქართველოს სტრატეგიული პოტენციალი.

"გვქონდა აზრთა ნაყოფიერი გაცვლა უმაღლეს წარმომადგენელთან ასოცირების პროცესის სარგებლის მაქსიმალური გამოყენების გზების შესახებ. ჩვენ წარვადგინეთ ამ მიზნის მიღწევისკენ მიმართული რამდენიმე მოსაზრება და ინიციატივა. ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ ევროკავშირთან შემდგომ თანამშრომლობას ჩვენი ხედვის კონკრეტულ მოქმედებაში გარდაქმნაზე. მადლობას მოვახსენებ ევროკავშირს ჩვენი რეფორმატორული საქმიანობის მიმდინარე მხარდაჭერისა და მნიშვნელოვანი დახმარებისთვის, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ასოცირების პროცესში ჩვენი საერთო მიზნების მიღწევის საქმეში. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურების დროულად დასრულების მნიშვნელობა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონკრეტული სარგებელი და სტიმული, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები მოელიან ევროინტეგრაციის შედეგად," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ასოცირების საბჭოს სხდომაზე განხილული იყო უსაფრთხოების საკითხები. მან ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის მნიშვნელობაზე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში აქტიური შუამდგომლობისა და არაღიარების პოლიტიკის გატარების კუთხით და აღნიშნა, რომ საქართველო არის უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის სანდო პარტნიორი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა მედიის მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური