საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის ელჩს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-12-14

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს, დესისლავა ივანოვას შეხვდა. დიპლომატმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ბულგარეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო, 2017-2019 წლებში ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს ფუნქციებს შეასრულებს, ხოლო 2018 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში, ბულგარეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება.

ელჩის განცხადებით, საქართველოს, ბულგარეთისგან ინსტიტუციური მხარდაჭერა ექნება. საუბარი ორმხრივი ურთიერთობის გააქტიურების აუცილებლობას შეეხო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ორი ქვეყნის ურთიერთობები ხარისხობრივად უფრო მაღალ დონეზე გადავიდეს, რადგან გარდა იმისა, რომ ბულგარეთი საქართველოს მდგრადი პარტნიორია, ღირებულია მისი გამოცდილების გაზიარება, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ყურადღება ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხსაც დაეთმო. დაიგეგმა სოფლის მეურნეობის სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელება. შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური