საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერმა „ევრაზიის გვირაბის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-12-20

   

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტამბოლში, „ევრაზიის გვირაბის" ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. 

ზღვის ქვეშ გაყვანილი 14,6 კილომეტრი სიგრძის გვირაბი, ევროპისა და აზიის კონტინენტებს ერთმანეთთან დააკავშირებს, რაც ისტორიული „აბრეშუმის გზის" აღდგენის საქმეში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

"ევრაზიის გვირაბის" 5,4-კილომეტრიანი მონაკვეთი ბოსფორის ქვეშ სპეციალური ტექნოლოგიით აგებული ორსართულიანი გვირაბისა და დაკავშირებული გვირაბებისგან შედგება.

ახლადგახსნილი გვირაბით, ევროპიდან აზიაში, პირველად, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ცერემონიაზე მიწვეული სტუმრები გადავიდნენ.

გვირაბის ყველაზე ღრმა ადგილას თურქეთის პრეზიდენტმა სამახსოვრო დაფა გახსნა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური