საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

განათლების რეფორმის პრეზენტაცია ამოსაბეჭდი ვერსია

2016-12-27

საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი-განათლების რეფორმა იწყება. რეფორმის პრეზენტაციას, მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა ღონისძიების დამსწრეთ - პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებს, უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და მათ, როგორც რეფორმის მონაწილეებს, წარმატებები უსურვა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, განათლების რეფორმა მთლიანად ორიენტირებულია ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე.

"განათლება არის თავი და თავი განვითარებისა და პროგრესის. განათლების სისტემის მნიშვნელოვანი განვითარების გარეშე პროგრესი ქვეყანაში არ გვექნება. ასი პროცენტი იმ პრობლემების გადაჭრისა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, არის განათლების სისტემაში. სწორედ ამიტომ, ოთხპუნქტიანი გეგმის ნომერ პირველ პრიორიტეტად დასახლებულია განათლების სიტემის განვითარება და რეფორმა. განათლების სისტემა უნდა იყოს დაფუძნებული პროგრესზე, განვითარებაზე, თავისუფალი და ბედნიერი მოქალაქის მიზანზე. მინდა, მთელი მთავრობის სახელით და არა მხოლოდ მთავრობის, არამედ მთელი ჩვენი პოლიტიკური და საპარლამენტო გუნდის სახელითაც გამოვთქვა სრული მხარდაჭერა იმ რეფორმის, რომელიც წამოვიწყეთ. ვუსურვებ წარმატებას მინისტრს! სანდრო არის ადამიანი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებით გაართმევს თავს ამ უმნიშვნელოვანეს ამოცანას და განათლების სისტემა, რომელსაც შევქმნით, იქნება დაფუძნებული უახლეს ტექნოლოგიებზე, საქართველოს რეგიონებში მაღალი ხარისხის განათლების წვდომაზე, მასწავლებლის განვითარებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე," - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა მთავრობის ამბიციურ გეგმას - საქართველო გახდეს უმაღლესი განათლების, მეცნიერების და კვლევის ცენტრი რეგიონში. მან იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება ამ გეგმას წარმატებით განახორციელებს. მისივე თქმით, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტი თვისობრივად შეცვლის ქვეყანაში განათლების შესაძლებლობებს.

"ჩვენ უნდა შევცვალოთ დამოკიდებულება პროფესიული განათლებისადმი და მსოფლიოში საუკეთესო დუალური განათლების მოდელი ავირჩიეთ. უმაღლესი განათლება იქნება ორიენტირებული სწრაფი განვითარების მოთხოვნებზე. საქართველო გახდება მეცნიერების, კვლევის და განათლების რეგიონული ჰაბი და ჩვენ ამის ყველანაირი პოტენციალი გაგვაჩნია. ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტი, ვფიქრობ, რომ თვისობრივად შეცვლის ქვეყანაში განათლების შესაძლებლობებს და იქნება მართლაც რევოლუციური გარღვევა ამ მიმართულებით. ჩვენ გაგვაჩნია საუკეთესო პედაგოგიური პოტენციალი და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ მისხალს ამ შესაძლებლობების, მივმართავთ სწორი მიმართულებით. ეს არის ჩვენი ამოცანა და რა თქმა უნდა, "ტალანტის გადინება" ქვეყნიდან ამ ძალისხმევის შედეგად მნიშვნელოვნად შეიცვლება, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ბევრი "ტალანტის შემოდინებაც" იქნება აუცილებელი," - აღნიშნა პრემიერმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ განათლების რეფორმა ფუნდამენტურად შეცვლის რეალობას და განვითარების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს საქართველოს.

"მინდა, წარმატება გისურვოთ ყველას! დარწმუნებული ვარ, ამ რეფორმის შედეგად საფუძველს ვუყრით ძალიან მნიშვნელოვან პოზიტიურ ცვლილებებს ქვეყანაში, რომელიც დიდ სიკეთეს მოიტანს თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. იგი მოიტანს თავისუფლებას, პროგრესს და სწრაფ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. ტრადიციულ ფასეულობებზე, ყველაზე საუკეთესო ფასეულობებზე და ამ ორის სინერგიაზე დაფუძნებული იქნება ყველა ის რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვიწყებთ. კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებას და მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ ერთად ვიწყებთ ახალ ცხოვრებას ჩვენს ქვეყანაში," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
განათლების რეფორმის პრეზენტაციას, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა უძღვებოდა, საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური