საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2016 წლის სხდომები

2016 წლის 13 ივნისის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-06-13

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 34 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მთავრობამ დაამტკიცა შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ინიცირებული კანონპროექტები „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", რაც მეხანძრე-მაშველებისათვის სოციალური გარანტიების დაწესებას ითვალისწინებს. მაშველების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის შემთხვევაში, ოჯახს ერთჯერადად 100 ათასი ლარი, ხოლო შემდგომში ყოველთვიურად 1000-ლარიანი შემწეობა გადაეცემა.

საქართველოს მთავრობა კომერციული ატაშეების ინსტიტუტს ქმნის, - ცვლილებები „დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში", მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა. ცვლილების თანახმად, ყველა ქვეყანაში, სადაც ვაჭრობის მიმართულებით დატვირთვა მაღალია, იქნება საქართველოს სპეციალური სავაჭრო წარმომადგენელი, რომელიც მოახდენს საქართველოს ექსპორტიორების ინტერესების ლობირებას იმ ქვეყანაში და იქნება მთავრობის უშუალო წარმომადგენელი ამ კუთხით კომპანიების დასახმარებლად.
სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო იქმნება, - განკარგულება, კომპანია „ვუდმასტერისთვის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა. კომპანია ორი წლის ვადაში შექმნის ავეჯის, მერქნისა და მისი ნაწარმის, ასევე ყველა სახის საათებისა და მათი ნაწილების საწარმოს, შექმნას, 1 მილიონ 793 ათასი ლარის ინვესტიციას და 50 ადამიანის დასაქმებას გეგმავს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართი მუდმივ საკუთრებაში იძულებით გადაადგილებულ კიდევ 209 ოჯახს გადაეცა. 2012 წლიდან დღემდე, მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფილია 12 ათასამდე ოჯახი.
მინისტრთა კაბინეტმა ასევე დაამტკიცა განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ", რომლის თანახმად, 184 ოჯახს სამხედრო ქალაქში ბინა გადაეცემა. მთავრობის განკარგულებით, „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი, მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით სსიპ - ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურს გადაეცა.

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა დადგენილების პროექტი, „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის და მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული/დაკონტრაქტებული სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის გაცემის წესისა და პირობების შესახებ", რომლის თანახმად, 2016 წლის 1-ლი სექტემბრიდან, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიის/სოციალური პაკეტის მიმღები და მაღალმთიან დასახლებაში სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი (ექიმი, ექთანი, რომლის შრომა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურდება), ყოველთვიურ დანამატს მიიღებს. დადგენილება მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა ცხოვრების დონის ამაღლებას, დასაქმების ხელშეწყობას, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის სამინისტროს, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გადაეცემა თანხა მიკრო და მცირე მეწარმეების მიერ წარმოდგენილი ბიზნესპროექტების თანადაფინანსებისა და კონტრაქტორთა მიერ გაწეული სამუშაოების დაფინანსებისათვის. პროექტი ითვალისწინებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - მეწარმეობის განვითარების სააგენტოსათვის 5 000 000 ლარის გამოყოფას, „აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო პროგრამის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით. ასევე, იუნიორ (20 წლამადელთა ასაკის) ძალოსანთა შორის 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატის და ჭაბუკთა შორის 2016 წლის მსოფლიო პირველობის (ბერძნულ/რომაულ, თავისუფალ და ქალთა ჭიდაობის სტილში) ჩასატარებლად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მლნ ლარი გადაეცემა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური