საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2016 წლის სხდომები

2016 წლის 13 ივლისის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-07-13

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 20 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი.

დიდი ლილოს დასახლებაში მინა-პლასტიკის ნაკეთობების მწარმოებელი საწარმო, შეიქმნება, განხორციელდება არანაკლებ 700 000 ლარის ინვესტიცია, დასაქმდება სულ მცირე, 70 ადამიანი, მათ შორის, არანაკლებ 20, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი. შესაბამისი განკარგულების პროექტი, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კონსტრაქტ ვიჟენისათვის" პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი საწარმო შეიქმნება ამბროლაურში, სადაც 233 200 ლარის ინვესტიციის განხორციელება და 30 ადამიანის დასაქმება იგეგმება. განკარგულების პროექტს, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „იწის წყალისათვის" პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ" საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა.
მინისტრთა კაბინეტმა ასევე დაამტკიცა „2016 წლის რთველის ხელშეწყობის ღონისძიებები". კერძოდ, მევენახე გლეხების სასიცოცხლო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ რთველი 2016-ის ფარგლებში სუბსიდიის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო. პრემიერმა სხდომაზე იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობით, მევენახე გლეხებს, ფერმერებს, ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩებათ.

მთავრობამ ასევე დაამტკიცა დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება; განსაკუთრებით აღსანიშნავია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ დამსაქმებლებთან შეთანხმების მიღწევის გზით, ახალ ან არსებულ თავისუფალ სამუშაო ადგილებზე ბენეფიციართა სუბსიდირება (50 % დაფინანსებით, არაუმეტეს 460 ლარისა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური