საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2016 წლის სხდომები

2016 წლის 21 ივლისის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-07-21

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 33 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

საქართველოს 2000-ზე მეტი ქალაქისა და სოფლისათვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელი შეიქმნება, - მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა" დამტკიცდა.პროგრამის მიხედვით, ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა საქართველოს მასშტაბით აშენდება და მივა ისეთ დასახლებულ პუნქტებამდე, სადაც აქამდე ან არ ყოფილა ინტერნეტი, ან დაბალი ხარისხით და შეზღუდულად მიეწოდებათ. ტერიტორიებზე მოეწყობა ე.წ. „ღია დაშვების წერტილები," რომელიც საშუალებას მისცემს ნებისმიერ პროვაიდერს და ოპერატორს, მოსახლეობა უზრუნველყოს მაღალხარისხიანი ინტერნეტით, ტელევიზიით და სხვა შესაბამისი სერვისებით. პროექტს აფინანსებს ფონდი „ქართუ," ხოლო კოორდინაციას ახორციელებს ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით შექმნილი ორგანიზაცია „OpenNet"-ი.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისში, ხონსა და ლაგოდეხში კიდევ 198 დევნილ ოჯახს უსასყიდლოდ გადაეცემა საკუთრებაში საცხოვრებელ ფართები. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, მთავრობის განკარგულებით, 12 052 დევნილ ოჯახს გადაეცა საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე დამტკიცდა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, მიღწეული სპორტული წარმატებებისთვის, წელს 291 სპორტსმენი, მწვრთნელი, სპორტული ექიმი და ადმინისტრაციული პერსონალი პრემიის სახით, მთლიანობაში მიიღებს 3 849 650 ლარს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური