საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2016 წლის სხდომები

2016 წლის 7 სექტემბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-09-07

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 35 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, ქალაქ ლანჩხუთში, შეიქმნება თხილის გადამამუშავებელი საწარმო. თხილის გადამამუშავებელი საწარმოს შესაქმნელად გადასცემს სახელმწიფო კომპანიას მიწის ნაკვეთს (1700.00 კვ.მ.) საკუთრებაში, რომელიც 2 წლის ვადაში 136 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო მიწის ნაკვეთს (7938.00 კვ.მ.) საკუთრებაში გადასცემს კომპანიას, რომელიც მარტვილში, სოფელ სალხინოში 18 თვის ვადაში ააშენებს უახლესი ტექნოლოგიებისა და სტანდარტების შესაბამის ჩაის გადამამუშავებელ საწარმოს. კომპანია ამ მიზნით, 300 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

მთავრობის განკარგულებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო დააფინანსებს სამი ახალგაზრდა მუსიკოსის სწავლას აშშ-ს პრესტიჟულ სამუსიკო სკოლაში. სალომე კოწოლაძის, ვაჟა მანიასა და სალომე ჟორდანიას სწავლების საფასურს სამინისტრო სრულად დაფარავს. ახალგაზრდა ხელოვანთათვის განათლების მიღების ხელშეწყობა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 2015-2016 წლებში საზღვარგარეთ 9 სტუდენტის სწავლის ღირებულება სრულად დაფინანსდა.

მთავრობის სხდომაზე ასევე დამტკიცდა იმ საწარმოო დანიშნულების ძირითადი საშუალებების ჩამონათვალი, რომლის იმპორტის დროსაც იმპორტიორი სრულად გათავისუფლდება დღგ-ს თანხის გადახდისაგან, თუ ეს ძირითადი საშუალებები გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაში. აღნიშნულ ჩამონათვალში ძირითადად შედის საწარმოო დანიშნულების მანქანა-დანადგარები, მოწყობილობები და სხვა მექანიზმები, რაც უშუალოდ წარმოების პროცესში გამოიყენება. საგადასახადო კოდექსში ეს ცვლილებები ჩვენი რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ეკონომიკური რეფორმის ფარგლებში განხორციელდა. ამ შეღავათების ამოქმედება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური