საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2016 წლის სხდომები

2016 წლის 7 ოქტომბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-10-07

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 23 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა 336 დევნილ ოჯახს - თბილისში, გარდაბანში, წალკაში, თეთრიწყაროში, წეროვანსა და წილკანში.
2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 12 986 დევნილ ოჯახს გადაეცა.

გარდა ამისა, იწყება პროცესი, რომელსაც 24 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი წლების განმავლობაში ელოდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეს, 54 დევნილ ოჯახს, რომლებსაც თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე საკუთრებაში აქვთ გადაცემული საცხოვრებელი ფართები, მათ მიერვე შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრებაში გადაეცემათ საერთო სარგებლობის ფართებიც, მათ შორის - სხვენები, სარდაფები და ა.შ და და ეს პროცესი გაგრძელდება. 

ასევე, მთავრობის განკარგულებით, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭა დამატებით 11 გადამხდელს, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას, ადიგენის, დმანისის, მესტიის, ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ეწევიან. აღნიშნული საწარმოების საქმიანობა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა, მარცვლეული კულტურის მოყვანა, პურის ნაწარმის ცხობა-რეალიზაცია, რძის წარმოება-გადამუშავება, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენება, მერქნის გადამუშავება, სამშენებლო მასალის წარმოება, მევენახეობა და სხვა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსით, უკვე 88 გადამხდელი სარგებლობს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური