ანგარიში 2012

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად საქართველოს მთავრობის კანცელარიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ
წლიური ანგარიში
(2012 წლის 1 იანვრიდან 10 დეკემბრამდე)

საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობის კანცელარია თავის საქმიანობას ახორციელებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების მოთხოვნათა ფარგლებში.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე შემოსული მოთხოვნები ძირითადად შეეხებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებს, საქართველოს მთავრობის სხდომის ოქმებს, ოფიციალურ კორესპონდენციას, მოქალაქეთა განცხადებების განხილვის თაობაზე მიღებულ პასუხებს.
2012 წლის საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით რეგისტრირებულია სულ 95 წერილობითი განაცხადი, აქედან დაკმაყოფილდა 44 მოთხოვნა, 32 განაცხადი კი ზემოაღნიშნული კოდექსის მე-40 და მე-80 მუხლების შესაბამისად გადაეგზავნა შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო 13 შემთხვევაში მიღებულია გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე, ვინაიდან მათი ნაწილი არ წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის კანცელარიაში დაცულ საჯარო ინფორმაციას (6 განაცხადი არის წარმოებაში).
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ იურიდიული დეპარტამენტის/სამსახურის პოზიციის გათვალისწინებით გადაწყვეტილებას იღებდა საქართველოს მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელობა.


საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ. საქართველოს მთავრობის მიერ გაიცა მოთხოვნილი სამართლებრივი აქტები, რის შემდეგაც საჩივრის ავტორმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 191-ე მუხლის შესაბამისად უარი თქვა ადმინისტრაციულ საჩივარზე. ადმინისტრაციული საჩივარი ასევე წარმოდგენილ იქნა ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას" მიერ, აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებითაც საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაიცა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია. გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მიმდინარეობს წარმოება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალების მოთხოვნით. გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ თანხების გადახდის ვალდებულება საქართველოს მთავრობის კანცელარიას არ დაკისრებია.

ყველა განაცხადი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, რომლის გაცემაზეც იყო მიღებული გადაწყვეტილება უარის თქმის თაობაზე, დაკმაყოფილებულ იქნა 2012 წლის 1 ნოემბრის შემდგომ პერიოდში, ასევე დაკმაყოფილდა ყველა 10 განაცხადი, რომელიც წარმოდგენილ იქნა საქართველოს მთავრობის კანცელარიაში 2012 წლის 1 ნოემბრიდან.
საქართველოს მთავრობის კანცელარიის პასუხისმგებელ მოხელეთა მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევასა და მათთვის დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს მთავრობის სხდომები იმართებოდა საქართველოს მთავრობის რეგლამენტით დადგენილი წესის მიხედვით. ცალკეულ შემთხვევებში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით რიგი საკითხების განხილვა მიმდინარეობდა საჯაროდ, პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენელთა და დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით. სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით იმართებოდა ბრიფინგები და პრესკონფერენციები.