ანგარიში 2015

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში

საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ

2015 წლის ანგარიში


საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია თავის საქმიანობას ახორციელებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების მოთხოვნათა შესაბამისად.

საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით შემოსული მოთხოვნები ძირითადად შეეხებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებს, საქართველოს მთავრობის სხდომის ოქმებს, ოფიციალურ კორესპონდენციას, მოქალაქეთა განცხადებების განხილვის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გაწეულ ხარჯებსა და თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2015 წლის საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით რეგისტრირებულია სულ 301 წერილობითი განცხადება (მათ შორის სამი შემთხვევა ეხება თავდაპირველად გაცემულ ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნას), აქედან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ განხილულ იქნა და შესაბამისი პასუხი გაეცა 246 მოთხოვნას (მათ შორის 11 შემთხვევაში განემარტათ განმცხადებლებს, რომ მათ მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, არ წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დაცულ საჯარო ინფორმაციას, სამ შემთხვევაში მიღებულია გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე სრულად უარის თქმის, ხოლო ერთ შემთხვევაში - ნაწილობრივ უარის თქმის თაობაზე. გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ხელმძღვანელობდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონების შესაბამისად; 21 განცხადებაზე პასუხი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან გაგზავნილ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაგვიანებით); 43 განცხადება ზემოაღნიშნული კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად გადაეგზავნა შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს; ხოლო 12 განცხადებაზე მიმდინარეობს საქმისწარმოება.

გადაწყვეტილებას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სტრუქტურული ერთეულების პოზიციების გათვალისწინებით, იღებდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2015 წლის 26 იანვრის N22 ბრძანებით განსაზღვრულია ის საჯარო მოხელეები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, რომელთა მიერაც ხდებოდა მოთხოვნილ ინფორმაციაზე კომპეტენციის შესაბამისად რეაგირება.

ერთ განცხადებაზე რეაგირების დაგვიანება განმცხადებლის მხრიდან მიჩნეული იქნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებად და გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით. აღნიშნულ ადმინისტრაციულ საჩივარზე უარი თქვა საჩივრის ავტორმა, რადგან გაცემული იქნა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია. გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ თანხების გადახდის ვალდებულება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას არ წარმოშობია. საჯარო ინფორმაციის გაცემისას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ხელმძღვანელობდა „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონითა და „წლის განმავლობაში მოსაკრებლის გადახდის გარეშე გასაცემი საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის 2013 წლის 14 ივნისის N275 ბრძანების შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, შესასრულებელი სამუშაოების სპეციფიკის გათვალისწინებით გააჩნია მონაცემთა ბაზები, მათ შორის არის მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს თანამშრომელთა პერსონალურ მონაცემებს და მასზე წვდომა გააჩნიათ უწყების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს, მათი კომპეტენციის ფარგლებში.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პასუხისმგებელ მოხელეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის გამო დისციპლინური სახდელის დადება არ განხორციელებულა.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და ასევე საქართველოს მთავრობის რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. შესაბამისად, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მთავრობის სხდომები იმართებოდა კანონით დადგენილი წესით. საქართველოს მთავრობის სხდომების საჯაროდ გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.

ამასთან, საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე სისტემატურად განთავსებულია საქართველოს მთავრობის სხდომების დღის წესრიგი და მიღებული გადაწყვეტილებები. მთავრობის ყოველი სხდომის შემდეგ იმართება საქართველოს მთავრობის წევრთა ბრიფინგები. საქართველოს მთავრობის ინიციატივის - „ღია მმართველობის" ფარგლებში სისტემატურად იმართებოდა საქართველოს მთავრობის წევრების პრესკონფერენციები მთავრობისა და ცალკეული უწყებების საქმიანობასთან დაკავშირებით.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მისი პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით, საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე შექმნილია საჯარო ინფორმაციისათვის განკუთვნილი შესაბამისი ველი, სადაც, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ქვეყნდება საჯარო ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ.

ვებგვერდზე ასევე განთავსებულია ინფორმაცია 2013 წლიდან საქართველოს მთავრობის მიერ სხვადასხვა სფეროში განხორციელებული ცვლილებებისა და რეფორმების თაობაზე.