საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

შეხვედრა ირანის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-04-22

 

საქართველო-ირანის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ესჰაყ ჯაჰანგირის შეხვედრის ძირითადი თემები.

ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანი იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა.

ესჰაყ ჯაჰანგირმა ასევე ისაუბრა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და აღნიშნა, რომ ამ მხრივ კიდევ უფრო დიდი პოტენციალი არსებობს.

ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებულ პოზიტიურ დინამიკას. პრემიერ-მინისტრმა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მთავრობა ირანელ ინვესტორებს მიესალმება.

მხარეებმა ისაუბრეს ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, ასევე, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და სამრეწველო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე; ასევე - განათლების, ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობაზე.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური