საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

შეხვედრა ირანის ისლამური საბჭოს მეჯლისის თავმჯდომარესთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-04-22

   

საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა და ძალიან კარგი პირობებია შექმნილი ინვესტიციებისთვის; ჩვენ მოხარულნი ვიქნებით, გამოვიყენოთ ეს საინვესტიციო შესაძლებლობები და განვავითაროთ სავაჭრო ურთიერთობები, - ამ სიტყვებით მიმართა ირანის ისლამური საბჭოს მეჯლისის თავმჯდომარე ალი ლარიჯანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღევანდელ შეხვედრაზე. ირანის ისლამური საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ირანი პოზიტიურად უყურებს საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას და იმედი გამოთქვა, რომ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ამ პროცესს ხელს შეუწყობს.
ირანის ისლამური საბჭოს მეჯლისის თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ ირანთან ურთიერთობები ძალიან მაღალი დონის პრიორიტეტია.
"სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება ჩვენი ორმხრივი ინტერესია. წელს დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავია და ვფიქრობთ, დღეს შეიძლება, თვისობრივად ახალი ურთიერთობების დაწყებაზე ვისაუბროთ, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების საკითხს, ასევე - ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სფეროებში.
ირანის ისლამური საბჭოს მეჯლისის თავმჯდომარემ ასევე დადებითად შეაფასა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობა.