საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

შეხვედრა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-20

1 3

2

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, იორდანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბორგე ბრენდეს შეხვდა. საუბრის ძირითადი თემები ორმხრივი თანამშრომლობა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები იყო. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროცესი დადებითად შეაფასა.

მხარეებმა ისაუბრეს ენერგეტიკის სფეროში წარმატებულ თანამშრომლობასა და სამომავლო საინვესტიციო პროექტებზე. აღინიშნა, რომ 2017 წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წელი სრულდება.

საუბარი ასევე შეეხო მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას. გიორგი კვირიკაშვილმა ნორვეგიას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა ნორვეგიის სამეფოს მხარდაჭერა განვითარების თანამშრომლობის მიმართულებითაც.
შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. პრემიერ-მინისტრმა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური