საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

შუახევიჰესის მშენებლობა დასრულდა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-06-24

ბოლო 50 წლის მანძილზე საქართველოში აშენებული ყველაზე მსხვილი ჰესის, შუახევიჰესის პროექტი დასრულდა. ელექტროსადგური 450 გიგავატ/საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და უზრუნველყოფს სათბური გაზების შემცირებას წელიწადში 200 000 ტონაზე მეტით.

შუახევიჰესის მშენებლობის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა ჰიდროელექტროსადგური დაათვალიერა და დამსწრე საზოგადოებას საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციით განხორციელებული პროექტის წარმატებით დასრულება მიულოცა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას", რომელმაც, მისი თქმით, საქართველოს ენერგეტიკულ სექტორს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური შესძინა. მანვე მადლობა გადაუხადა ძირითად ინვესტორებს - ნორვეგიულ კომპანია „ქლინ ენერჯისა"და ინდურ კომპანია „ტატა ჯგუფს". მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების - საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მნიშვნელოვან წვლილს.

„მოგეხსენებათ, ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული თითოეული პროექტი, თითოეული ახალი მეგავატი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით. ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, იმპორტირებული ენერგეტიკული რესურსები მოკლე პერიოდში ჩავანაცვლოთ ადგილზე წარმოებული ელექტროენერგიით. ამისათვის აუცილებელია ხალხისა და მთავრობის ერთიანობა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერა და როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების მაქსიმალური ჩართულობა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ეს გახლავთ გამორჩეული პროექტი გარემოზე ზემოქმედების კონტექსტში. ეს არის პირველი ჰიდროელექტროსადგური საქართველოში, რომელიც სერტიფიცირებულია „კლიმატის ცვლილებების შესახებ" გაეროს ჩარჩო-კონვენციის მიერ ნახშირბადის გამოყოფის შესამცირებლად და უზრუნველყოფს სათბური გაზების წელიწადში 200 ათას ტონამდე შემცირებას. ასევე აღსანიშნავია „შუახევიჰესის" პროექტის ტექნიკური მახასიათებლებიც, განსაკუთრებით კი - 37-კილომეტრიანი გვირაბი, რომელიც მსოფლიოში მეორეა სიდიდით,"-განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, „აჭარისწყალი ჯორჯიას" საქმიანობა მაღალმთიან აჭარაში მხოლოდ ჰესის მშენებლობით არ შემოიფარგლა- კომპანიამ შექმნა პრეცედენტი სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით და ქვეყანაში ამ მხრივ საქმიანობის მაღალი სტანდარტი დაამკვიდრა. პრემიერის თქმით, პროექტმა დიდი სარგებელი მოუტანა ადგილობრივ მოსახლეობას სოციალური პროექტების, დასაქმების, კომპენსაციების კუთხით და გადასახადების სახით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ადგილობრივ ბიუჯეტში.

ჩვენთვის აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შუახევის ჰიდროელექტროსადგური მუდმივად დაასაქმებს 300 კაცს, რაც მოტივაციას შეუქმნის მათ, არ მიატოვონ მშობლიური კუთხე და ხელი შეუწყონ მთიანი აჭარის განვითარებას. აქვე, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ სახელმწიფო მხარს უჭერს და მუშაობს განახლებადი ენერგიების ათვისების, ქარისა და მზის ელექტროსადგურების პროექტების შესწავლისა და მშენებლობის მიმართულებით. ორი დღის წინ მე მთავრობის სხდომაზე განვაცხადე, რომ ჩვენს მთავრობას საქართველოს საფონდო ბირჟაზე გასაყიდად გამოაქვს ქარის ელექტროსადგურის აქციები და მოქალაქეებს მათ შეძენას სთავაზობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოქალაქეებს გაუჩნდეთ ჩართულობის შეგრძნება იმ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებში, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ,"-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ „შუახევიჰესი" თავის წვლილს შეიტანს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევაში და იქნება ერთ-ერთი სამაგალითო პროექტი პოტენციური ინვესტორებისთვის.

სიტყვით გამოსვლის დასასრულს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, კახა კალაძეს საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს. "დარწმუნებული ვარ, სადაც კახა კალაძე იქნება, იქ იქნება წარმატება",-განაცხადა პრემიერმა.

ენერგეტიკის სექტორში უმსხვილესი საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტის, შუახევიჰესის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე; ინდოეთის უმსხვილესი ენერგოკომპანიის „TATA POWER"-ის აღმასრულებელი დირექტორი, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ანილ სარდანა; „Clean Energy Invest"-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბარდ მიკელსენი; IFC -ის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენი.

შუახევიჰესის მშენებლობა დაიწყო 2013 წლის შემოდგომაზე და განხორციელდა უახლესი ტექნოლოგიებით, უმაღლესი ხარისხით და უმოკლეს დროში. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 416 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში დასაქმებული იყო საქართველოს 730 მოქალაქე. ჰესების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 187 მეგავატია, ჰიდროელექტრო სადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ზამთრის თვეებში, ენერგოდეფიციტის დროს, მთლიანად დარჩება საქართველოში, ხოლო ჭარბი გამომუშავების დროს, განხორციელდება ექსპორტი თურქეთის მიმართულებით.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური